25 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
აშშ-ჩინეთის ლიდერების ისტორიული შეხვედრა და მიღწეული შეთანხმებები - რა ინფორმაციამ გაჟონა სი ძინპინისა და ბაიდენის დახურული შეხვედრიდან

ორი ზესახელმწიფოს ლიდერის შეხვედრა და დახურულ კარს მიღმა მიღწეული შეთანხმებები - ამერიკის შეერთებულ შტატებში 6 წლიანი პაუზის შემდეგ ჩასულმა სი ძინპინმა პრეზიდენტ ბაიდენთან ყველა ის პრობლემური საკითხი განიხილა, რომელიც პეკინსა და ვაშინგტონს შორის ბოლო წლებში დაგროვდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას ორმხრივი შეხვედრისას უთხრა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ტაივანი ყველაზე დიდი და საშიში საკითხია.

აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობა არჩია, საერთაშორისო მედიას მიაწოდა საუბრის ის დეტალები, რაც მოლაპარაკებების ოთახიდან არ გამოსულა. მათ შორის ის, თუ რა უთხრა სი ძინპინმა ჯო ბაიდენს ტაივანზე. ჩინეთის ლიდერს ტაივანის მშვიდობიანი გზით მიერთება სურს, თუმცა აქვს წითელი ხაზები, რა შემთხვევაშიც ძალას გამოიყენებს. თავის მხრივ, ბაიდენმა კოლეგას უთხრა, რომ ვაშინგტონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს.

ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა სამხედრო კავშირების აღდგენაზეც შეთანხმდა, რაშიც ჩინურ და ამერიკულ არმიას შორის გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად კომუნიკაციის დაწყება იგულისხმება. პირდაპირი სატელეფონო კავშირი ექნებათ ჯო ბაიდენსა და სი ძინპინსაც. ორივე ზესახელმწიფო თანხმდება, რომ მსოფლიოს ახლა ამერიკა-ჩინეთის თანამშრომლობა სჭირდება და არა მტრობა, თუმცა რამდენად განვითარდება ურთიერთობების ეს დინამიკა, ჯერ უცნობია.

ჯო ბაიდენმა სი ძინპინს შეხვედრის დასრულების შემდეგ დიქტატორი უწოდა, იმ გაგებით, რომ ის კომუნისტურ ქვეყანას მართავს. კიდევ ერთი დეტალი ბაიდენის პრესკონფერენციიდან - კითხვაზე, ენდობა თუ არა ის ჩინელ ლიდერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ასეთი პასუხი გასცა: ენდე, მაგრამ გადაამოწმე.

დღის ამბები