25 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
რა საკითხები განიხილა ვენეციის კომისიის დელეგაციამ ოპოზიციასთან - პოლიტიკოსები ერთ-ერთ თემად საარჩევნო სისტემას ასახელებენ

ვენეციის კომისია თბილისში - დელეგაციამ ბოლო შეხვედრა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან გამართა. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, საუბრის თემები საარჩევნო და სასამართლო სისტემა, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და კონკრეტული კანონპროექტები იყო.

"არ არსებობს ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ "ოცნება" განახორციელებს იმ რეფორმებს, რომელიც აუცილებელია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის. ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, არის საარჩევნო რეფორმა,"- აცხადებს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ შეცვლილი საარჩევნო სისტემა ცესკოს დამოუკიდებლობის კუთხით, უარესობისკენაა შეცვლილი.

"ცესკოს დაკომპლექტების ნაწილში მიუღებელი არის ის, რომ თითქოს ამ მოწყობაში, მეტ-ნაკლებად იყო ჩადებული დამოუკიდებლობის გარანტიები ცესკოს დამოუკიდებლობის წესში, მაგალითად ძალაუფლების ბალანსის პრინციპით იყო პრეზიდენტის წარდგინება და შემდეგ პარლამენტის მიერ არჩევის პროცესი. ახლა, ფაქტობრივად, თვითონ უკირავენ, თვითონ ცეკვავენ და არჩევნების გაყალბებაში თვითონ მონაწილეობენ, აი ეს მოდელი გვაქვს, მარტივად რომ ვთქვათ,"- აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

თავად ვენეციის კომისიის წარმომადგენლების შეფასებებს მოვისმენთ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, რომელიც ცოტა ხანში გაიმართება.

 

დღის ამბები