25 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებულ 15-ვე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებულ 15-ვე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ დავალებით, საქართველოში „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ და ფინანსურ დავებს იხილავდნენ. 8 ბრალდებულმა კი დავის მათ სასარგებლოდ გადასაწყვეტად „ქურდულ სამყაროს“ მიმართა.

დაკავებულთაგან სიტყვის უფლებით მხოლოდ სამმა ისარგებლა, მათ შორის იყო 61 წლის ქალი, რომელმაც მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართა და სთხოვა, რომ ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ. მან თქვა, რომ, ფინანსურის დავის მოსაგვარებლად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრისთვის არ მიუმართავს.

„ბევრი მაქვს სათქმელი. მე არც ვიცოდი, ვინ იყო ჩემი მოგვარე. ბევრმა მიქო. მე მართლაც ასაღები მაქვს ფული, რომ არ ავიღო, არ შეიძლება, იმიტომ, რომ მისატანი არის თავის ადგილზე, სადაც საჭიროა. ჩემთან არაფერი ცუდი (მენაბდეს) არ გაუკეთებია, პირიქით, იქით დავეხმარეთ ბევრჯერ, მასესხე ფულიო და მოგცემო მითხრა. მეტი საუბარი ჩვენ არ გვქონია, საქმეც არ დაგვიწყია. მე მასთან ვალში არ ვარ. მე მინდა ყველაზე მეტად სიმართლე. მე მჯერა მარტო თქვენი. გთხოვთ, შემიფარდოთ 5 000 ლარის ოდენობის გირაო. მე მზად ვარ ყველაფრისთვის,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნონო ცეცხლაძემ.

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი კატეგორიულად უარყვეს დანარჩენმა ორმა ბრალდებულმაც - მათ თქვეს, რომ წარდგენილ ბრალში დამნაშავეს თავს არ მიიჩნევენ.

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, მათი უმეტესობა დუმილის უფლებით სარგებლობს.

ბრალდებულებს დღეს არაფერი უთქვამთ იმ ფარულ ჩანაწერზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად 2 დღის წინ გაავრცელა. თუმცა, მათი უფლებედამცველების ნაწილი „კურიერთან“ საუბარში ადასტურებს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ნამდვილად ფიგურირებენ კონკრეტულ ეპიზოდებში, თუმცა ამბობენ, რომ, ბრალეულობის დასამტკიცებლად, ეს მყარი მტკიცებულება არ არის.

„უფრო მეტად უნდა ვიყო ახლა გაბრაზებული, სასამართლომ რატომ არ გამოიყენა სხვა კატეგორიის აღკვეთის ღონისძიება, როდესაც არ არსებობს მტკიცებულებები. ვეკიდებით შეგნებით ამ გარემოებას, რომ ვინაიდან 223-ე მუხლია, ამ შემთხვევაში, სასამართლო იყენებს ყველაზე მკაცრ აღკვეთ ღონისძიებას. ფარულებში არსად არ ჩანს, არც არავის მიუმართავს, მხარიც არ დაუჭერია,“ - აცხადებს ადვოკატი თამარ აბესაძე.

ბრალდების მხარე კი ამბობს, რომ, ფარული ჩანაწერების გარდა, საქმეში ასევე მოწმეების ჩვენებები დევს და, დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„ბრალდების მხარეს მიაჩნდა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეები. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება და ასევე, მიმდინარეობს გამოძიება სხვა შესაძლო პირთა მიმართ სისხლის სამართლის დაწყების მიზნით. შესაბამისად, მიმდინარე გამოძიების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაციას ვერ მოგაწვდით,“ - აცხადებს პროკურორი ვაჟა თოდუა.

დღის ამბები