ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩინეთის პრეზიდენტთან ურთიერთობის დათბობაზე ფიქრობს. ჯო ბაიდენის კაბინეტის ახალ პრიორიტეტებზე, უსაფრთხოების საკითხებში მისმა მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ერთდროულად ორ ამერიკულ ტელეარხს განუცხადა.
პეკინისა და ვაშინგტონის სამხედრო კავშირები შესაძლოა უკვე რამდენიმე დღეში აღდგეს. ჯო ბაიდენის და სი ძინ პინის შეხვედრა 15 ნოემბერს სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე შედგება.
ამერიკელ და ჩინელ სამხედროებს შორის კონტაქტების აღდგენას თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირებენ და აღიარებენ, რომ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად კომუნიკაციის ახალი არხებია საჭირო. ორ ლიდერს შორის საუბარი ირანსაც შეეხება.
ვაშინგტონი მოწადინებულია აღადგინოს მრავალმხრივი ურთიერთობა ჩინეთთან, რომელიც ახლა ისტორიულად ძალიან დაბალ ნიშნულზეა.
"პრეზიდენტი მოწადინებულია ხელახლა დააფუძნოს სამხედროებს შორის კავშირები, რადგან სწამს, რომ ეს შეერთებული შტატების ერვნული უსაფრთხოების ინტერესებშია," - აცხადებს ჯეიქ სალივანი.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ სან-ფრანცისკოს შეხვედრა, ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებში შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს.
"ორი პრეზიდენტის შეხვედრა უმნიშვნელოვანესია, რადგან ამერიკას და ჩინეთს შორის დიდი დაძაბულობაა ტექნოლოგიების გადაცემის და სხვა საკითხების გამო. პრეზიდენტ სის შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენთან ძალიან სასარგებლო იქნება, რადგან ჩინეთი სხვა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობების სარგებელს ხედავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და შესაძლოა გარდამტეხად იქცეს ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობაში, რომლებიც წლების განმავლობაში უარესდებოდა," - ამბობს ბერკლის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი, ვინი აგარვალი.
განცხადება გააკეთა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, ჯენეთ იელენიმ.
"ჩვენი ეკონომიკის ჩინეთისგან გამოყოფას არ ვცდილობთ. ეს იქნება დამაზიანებელი როგორც შეერთებული შტატებისთვის, ასევე ჩინეთისთვის და სახიფათოა მსოფლიოს დესტაბილიზაციისთვის. თუმცა ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობა ამერიკელ მუშა-ხელთან და ფირმებთან სამართლიანად მოპყრობას მოითხოვს,“ - ამბობს ჯენეთ იელენი.