25 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
"საიამ", ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან დაკავშირებით, დოკუმენტი მოამზადა

"საიამ", საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან დაკავშირებით, საადვოკაციო დოკუმენტი მოამზადა. საფუძველი რაჭასა და გურიაში სტიქიის შედეგად განვითარებული მოვლენების გახდა.

ახალგაზრდა იურისტების განმარტებით, მნიშვნელოვანია შეფასდეს, რამ გამოიწვია სტიქიური მოვლენები, შეიძლებოდა თუ არა ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა და რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ. დოკუმენტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორის განცხადებით, ამ დოკუმენტის მიზანია, გამოკვეთოს ის მთავარი საკანონმდებლო ასპექტები, რომლებიც უკავშირდება კატასტროფების რისკის მართვას.

"ბოლო პერიოდში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი არის მკვეთრად გაუარესებული სახელმწიფოში. ამ დოკუმენტის მიზანია, გამოკვეთოს ის მთავარი საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ასპექტები, რომლებიც უკავშირდება კატასტროფების რისკის მართვას, შემდეგ უკვე, სამაშველო ოპერაციის ეფექტიანობას, ასევე საგამოძიებო პროცეს, ამიტომ არსებითია ამ შეკითხვებზე მივიღოთ პასუხები", - განაცხადა თამარ ონიანმა.

თემაზე კომენტარები გაკეთდა "ქართულ ოცნებაში". პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, არ იცის, რაზე დაყრდნობით ავრცელებს "საია" ამ განცხადებას, რადგან ყველა შესაბამისი უწყება კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს.

"არ ვიცი, რა არგუმენტზე დაყრდნობით წერენ ისინი ამას, ვინაიდან ყველა შესაბამისი უწყება კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს და თუ კი რაიმე ინფორმაცია შეიძლება იყოს კანონმდებლობის შესაბამისად ხელმისაწვდომი, ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ ინფორმაციის გაცემას", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები