2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე სამხედრო პატივით, იმ სასაფლაოზე დაკრძალეს, რომლის ნაწილზეც დღეს ოკუპანტები დგანან. თამაზ გინტურს ლომისას წმინდა გიორგის ტაძრის მოლოცვა სიცოცხლის ფასად დაუჯდა. 6 ოქტომბერს, მაიორმა გინტურმა, თანასოფლელებთან ერთად, ჯერ მშობლების სასაფლაო მოინახულა, შემდეგ კი უძველეს სალოცავზე ასვლა გადაწყვიტა, შინ მიმავალ გზაზე კი, ოკუპანტებმა ის მანქანაში ჩაცხრილეს.
სოფელ კირბალში მცხოვრებლებისთვის გატაცება ახალი არ არის, ადგილობრივები ოკუპაციის სიმძიმეს ყველაზე კარგად გრძნობენ. არარსებული ხაზის გადაკვეთის შიშით ცხოვრება მათთვის ყოველდღიურობად იქცა.
საქართველო ახლა თამაზ გინტურს გლოვობს, თუმცა იქამდე, ოკუპანტებმა ბევრი ქართველის სიცოცხლე იმსხვერპლეს. საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს და, 2008 წლის 3 დეკემბერს, გამოსასყიდის მიზნით, წამებით მოკლეს ირინა მებონია.
2010 წელს, საოკუპაციო ძალებმა ბესიკ ანჯაფარიძე ცემით მოკლეს. ანჯაფარიძის სასტიკ მკვლელობაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენის მიზნით, სისხლის სამართლის საქმე 13 წლის შემდეგ აღიძრა. ოკუპანტების მიერ ნასროლ ტყვიას 2009 წელს გადაურჩა ზურაბ ბოხუა, თუმცა ის მძიმედ დაიჭრა.
2011 წელს საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ, ჩოლთოს ხეობაში ცეცხლი გაუხსნეს 5 ახალგაზრდას. შედეგად, 2 ადამიანი დაიჭრა, ერთ-ერთ მათგანს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
საოკუპაციო ძალების სისასტიკის დასტურია 19 წლის დავით ბაშარულის მკვლელობა, რომელიც ოკუპანტებმა 2014 წელს ახალგორიდან გაიტაცეს. 7 თვის შემდეგ კი, მისი ცხედარი ოკუპირებულ ახალგორსა და სოფელ იკოთს შორის ადგილობრივებმა ხეზე ჩამოკიდებული ნახეს.
რაც შეეხება 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობას - ე.წ.-მა მესაზღვრემ რაშიდ კანჯიოღლიმ ოთხოზორიას ცეცხლი ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან გაუხსნა. კანჯიოღლი ქართულმა მართლმსაჯულებამ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.
სიკვდილის რეალური მიზეზის დამალვის მიზნით, ოკუპანტებმა შინაგანი ორგანოები ამოაცალეს და საქართველოში თითქმის ერთი თვის შემდეგ, ისე გადმოასვენეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. ტატუნაშვილი დაბა ახალგორში უკანონოდ დააკავეს, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც ის, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობის გამო, აწამეს.
გამყოფ ხაზთან ორ სხვადასხვა რეალობაში ცხოვრება დღეს ბევრ ადამიანს უწევს - მათ, ვისთვისაც ოკუპაცია, მრავალი წელია, ყოველდღიურად იქცა. ზოგ სოფელში ისტორიულ მიწას მავთულხლართები ყოფს, ზოგ სოფელს კი წარმოსახვითი ხაზი, რომლის გადაკვეთა შესაძლოა, ადამიანს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.
ავტორი: ნანა გოგატაძე