ევროკავშირი 27 ევროპული სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა. ის წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალ მიმოსვლას, მუშაობასა და ვაჭრობას გულისხმობს. ამ ქვეყნების საერთო ფართობი 4 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტია, ევროკავშირის მოსახლეობა კი, ჯამში, 448 მილიონზე მეტს შეადგენს.
ევროპის კავშირის ჩანასახად ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება შეიძლება ჩავთვალოთ, რომელიც 1951 წელს ექვსმა სახელმწიფომ შექმნა. 72 წლის წინ საფრანგეთმა, დასავლეთ გერმანიამ, იტალიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა და ლუქსემბურგმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც შეიქმნა გაერთიანება, რომლის მთავარი საქმიანობაც ამ რესურსების ერთობლივი მართვა იყო. ეს გამორიცხავდა ერთმანეთში ომის წამოწყების საშიშროებასაც, რადგანაც ფოლადი და ქვანახშირი იყო ის რესურსი, რომლის გარეშეც ეს სახელმწიფოები დამოუკიდებლად ომს ვერ წამოიწყებდნენ.
1957 წელს, ამავე სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს ატომური ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას და შეთანხმებას ეკონომიკური გაერთიანების შესახებ. შეუფერხებელი ვაჭრობა უნდა ყოფილიყო ის მთავარი ინსტრუმენტი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული ქვეყნების განადგურებული ეკონომიკა უნდა გაეძლიერებინა. ქვანახშირი, ფოლადი და ატომური ენერგეტიკა - სწორედ ეს სამი გაერთიანებაა საფუძველი, რომლიდანაც, საბოლოოდ, ევროკავშირი ჩამოყალიბდა.
წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა წევრი ქვეყნების რაოდენობა. გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, ბელგიას, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებს, მოგვიანებით, კიდევ 22 სახელმწიფო დაემატათ. პირველი გაფართოება 1973 წელს მოხდა. მაშინ კავშირს გაერთიანებული სამეფო, ირლანდია და დანია შეუერთდნენ. შემდეგ იყო საბერძნეთი, 1981 წელს. შემდეგ კი - ესპანეთი და პორტუგალია 1986 წელს.
გაფართოება ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკაა, შესაბამისად, წლებთან ერთად, ევროპული კავშირის საზღვრები კიდევ უფრო გაიზარდა. 1995 წელს ევროკავშირი ჩრდილოეთისკენ გაფართოვდა - გაერთიანებაში ფინეთი შვედეთი და ავსტრია შევიდნენ. ყველაზე მეტი ქვეყანა ევროკავშირს კი 2004 წელს შეემატა - მაშინ ევროკავშირს, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და სლოვენია შეუერთდნენ. სლოვენიამ კანდიდატის სტატუსი 1999 წელს მიიღო, წევრი კი 5 წლის შემდეგ გახდა.
2004 წელს შევიდა ევროკავშირში კვიპროსიც, თუმცა კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილზე ევროკავშირის კანონები არ ვრცელდება. ეს ნაწილი კვლავაც რჩება არაღიარებულ სახელმწიფოდ - მას მხოლოდ თურქეთი აღიარებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკვე 24 წელია აქვს.
2007 წელს გაფართოება მოხდა აღმოსავლეთით. გაერთიანებას ბულგარეთი და რუმინეთი შეუერთდნენ. კანდიდატის სტატუსი კი გაწევრიანებამდე 7 წლით ადრე მიიღეს. 2013 წელს ხორვატია გახდა ევროკავშირის წევრი, რომელიც გაწევრიანებას კანდიდატის სტატუსის მიღებიდან 10 წელი ელოდა. ევროკავშირში ახლა 27 სახელმწიფო შედის, თუმცა მათ რიცხვში უკვე აღარ არის გაერთიანებული სამეფო. ბრიტანეთი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელიც 2021 წელს კავშირიდან საკუთარი ნებით გავიდა. "ბრექსითი" ანუ "ბრითიშ ექსითი" ოფიციალურად სამი წლის წინ დასრულდა.
ბრიტანეთისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობა არაერთ სახელმწიფოს სურს, ევროპის ღია კარში შესვლის მოლოდინში ბევრია, მათ შორის, წლებია, არის ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი.
1999 წლიდან, კანდიდატის სტატუსი აქვს თურქეთსაც. მოლდოვამ და უკრაინამ კი ეს სტატუსი 2022 წელს მიიღეს. რაც შეეხება საქართველოს; ჩვენ ქვეყნისთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ევროკომისიამ 2023 წლის 8 ნოემბერს გასცა. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ევროპული საბჭო 15 დეკემბერს მიიღებს.