25 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
ქოლცენტრების საქმეზე, გამოძიება 20-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს - ვის კვალზე გავა საერთაშორისო გამოძიება

ტრანსნაციონალური დანაშაულის დეტალები - კიევში ჩატარებული სპეცოპერაცია საერთაშორისო გამოძიების მხოლოდ ერთი ნაწილია. "ევროპოლის" და "ევროჯასთის" ეგიდით, დაკავებების სერია ევროპის არაერთ ქალაქში ჩატარდა. ხელბორკილები დაადეს ქოლცენტრების დანაშაულებრივი ქსელის ათობით მონაწილეს. დაზარალებულებს შორის არიან შვეიცარიის, გერმანიის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების პენსიონერები, რომელთაც, ცრუ საინვესტიციო შეთავაზებებით და ყალბი ვებგვერდების მეშვეობით, მილიონობით ევრო გამოსძალეს. საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, სპეცოპერაციები, კიევის პარალელურად, ჩატარდა საქართველოშიც.

ქოლცენტრების თაღლითურ სქემაზე დღეს განცხადება გაკეთდა საქართველოს პროკურატურაშიც. საგამოძიებო ორგანოში განმარტეს, რომ საქართველოში რამდენიმე ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანებისა და სამუშაო ადგილების ჩხრეკა ჩატარდა. ყადაღა დაედო სავარაუდო დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ უძრავ-მოძრავ ქონებებს, საბანკო ანგარიშებსა და მათზე განთავსებულ ფულად თანხებს.

ქოლცენტრების საქმეზე დაკავებათა სერიას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა "ევროჯასთიც". ინფორმაციაში ჩამოთვლილია ის ქვეყნები, რომლებიც საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებაში იყვნენ ჩართულნი, მათ შორისაა უკრაინა, საქართველო და კვიპროსი.

ვინ არის პირი, რომელიც მრავალმილიონიანი თაღლითური სქემის უკან დგას და ერთდროულად ფიგურირებს საქართველოში, უკრაინასა და კვიპროსში მიმდინარე გამოძიების მასალებში - საერთაშორისო გამოძიებას დაკავებულთა და სქემის ორგანიზატორთა ვინაობა არ გაუსაჯაროებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ, რამდენიმე დღის წინ, დანაშაულებრივი ქსელის აქტივები გაყინეს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში. ქოლცენტრების საქმეს მიეძღვნა არაერთი ჟურნალისტური გამოძიებაც. "ბიბისიმ" ტრანსნაციონალური თაღლითობა მილტონ ჯგუფს დაუკავშირა. ბრიტანულმა მაუწყებელმა კიევსა და თბილისში მოქმედი ქოლცენტრების უკან ამჟამად კვიპროსში მყოფი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი დაასახელა.

დღის ამბები