ხელოვანების საერთო პლატფორმის შექმნის იდეა დღეს , რამდენიმე საათიანი დისკუსიისა და სხვადასხვა საავტორო ასოციაციათა მუშაობის პრინციპების შესწავლის შემდეგ გაჩნდა. ავტორ-შემსრულებლები და კულტურის სფეროს არაერთი წარმომადგენელი საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას ერთად იწყებს. საქართველოში რეგისტრირებული სამი ასოციაციის ნაცვლად 1 - ეს არის მათი მიზანი.
ხელოვანების საერთო პლატფორმა ოფიციალურ სახეს, სავარაუდოდ, ორშაბათს მიიღებს, მეტი დეტალიც მათი გეგმების შესახებ სწორედ მაშინ გაირკვევა. თუმცა მანამდე ცნობილია, რომ ამ საერთო ორგანიზაციით ავტორ-შემსრულებლებს სურთ მონაწილეობა მიიღონ საქპატენტის კონკურში, სადაც გამარჯვებულ პლატფორმას საავტორო უფლებების ასოციაციის აკრედიტაცია მიენიჭება.
საქპატენტმა კონკურსი საავტორო უფლებების ასოციაციის აკრედიტაციის მისანიჭებლად 26 სექტემბერს გამოაცხადა, განაცხადის შესატანად კი ვადა ორგანიზაციებს 26 ნოემბრამდე აქვთ. საქართველოს ინელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ჯერ განაცხადები არ მიუღიათ, თუმცა, ელიან, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან დაინტერესება მაღალი იქნება.
კონკურსის საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საავტორო უფლებების დაცვის შესახებ კანონში ცვლილება განხორციელდა. საქპატენტის კონკურსში გამარჯვებული მხოლოდ 1 ასოციაცია იქნება.