მულტიმილიონერი ცოლ-ქმარი სტამბოლში სპეცოპერაციით დააკავეს. მათ აზარტული თამაშებიდან უკანონოდ მიღებული დიდი ოდენობით ფულის ლეგალიზებას ედავებიან. ათეულობით მილიონი დოლარის გათეთრება, დოკუმენტების გაყალბება და უკანონო ფსონები - ამ ბრალდებით პოპულარულ ცოლ-ქმართან ერთად მათი ნათესავებიც დააპატიმრეს. შავი ფულის რეალურ მფლობელად თურქული მედია გამოძიებაზე დაყრდნობით რამდენიმე წლის წინ საქართველოში გაქცეულ თურქ ბიზნესმენს ასახელებს.
მედიის ინფორმაციით დერკან ბაშერია ის პირი, რომლის ფულის ლეგალიზებასაც პოლატების წყვილი ახდენდა. ის ამჟამად საქართველოში აღარ იმყოფება, თუმცა ქართულ საპატიმროში სასჯელს იხდის მისი პარტნიორი, კომპანია “მეტრო ტურიზმის“ მფლობელი გალიფ ოზთურქი. პრესა წერს, რომ სტამბულში მიმდინარე გამოძიების კვალი, სწორედ დერკან ბაშერთან და გალიფ ოზთურთქან მიდის. მათზე თურქეთში სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნაა გამოცხადებული. ორივე მათგანთან კავშირს უარყოფს სტამბულში დაკავებული ცოლ-ქმარი. მათ გამოძიებას ჩვენება უკვე მისცეს.
"კურიერი" ბათუმში, გალიფ ოზთურქის კომპანიებში შეეცადა გარკვევას, თუ რა კავშირი აქვს საქართველოში, პატიმრობაში მყოფ ბიზნესმენს თურქეთში დაკავებულ ცოლ-ქმართან და სად იმყოფება ამჟამად უკანონო ფსონების საქმის მთავარი ფიგურანტი დერკან ბაშერი. კომპანიის წარმომადგენლებმა რუსთავი2-ის კითხვებს არ უპასუხეს.
ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმში გასულ წელს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საპატიმროში მას ბრალი კიდევ დაუმძიმდა. ათეულობით მილიონი ლარის უკანონო ლეგალიზაციის საქმეზე მის მიმართ გამოძიება ახლაც გრძელდება.
უცნობია, თუ რომელ ქვეყანაში იმალება უკანონო ფსონებისა და ფულის გათეთრების საქმის ფიგურანტი დერკან ბაშერი. თურქეთმა საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მოთხოვნით ინტერპოლს მიმართა.