25 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
კონტრტერორისტულმა ცენტრმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა - "კურიერის" ინფორმაციით, გამოძიება არკვევს ჰყავდათ თუ არა დაკავებულებს მოკავშირეები საქართველოში

სპეცოპერაცია თბილისში - გახმაურებული საქმის გაუთქმელ დეტალებს ადვოკატი, ანა შიშნიაშვილი "კურიერთან" ყვება. ირკვევა, რომ კონკრეტული დანაშაულის მოსამზადებლად ორი ბრალდებული საქართველოში მეზობელი სახელმწიფოებიდან ჩამოვიდნენ. რუსეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები იმ ადგილებიდან აიყვანეს, სადაც კუსტარულად დამზადებულ ასაფეთქებლებს და ფეთქებად ნივთიერებებს მალავდნენ.

საქმეს გრიფი ადევს, თუმცა ცნობილია რა მოტივი ამოძრავებდათ ბრალდებულებს თბილისში ყოფნისას. გამოძიების ვერსიიდან ირკვევა, რომ ორი დაკავებული საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გაყვანას და მანამდე, მისთვის საქართველოში ყოფნისთვის საცხოვრებელი პირობების შექმნას გეგმავდა. მზად ჰქონდათ ყალბი დოკუმენტები.

ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება კონკრეტულად რა დანაშაული მზადდებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობით. მაგრამ მარტივი მისახვედრია,რომ საქმე ტერორისტულ ორგანიზაციას უკავშირდება. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დროშა ”ისლამური სახელმწიფოს” სიმბოლიკით. კურიერის ინფორმაციით გამოძიება არკვევს - ჰყავდათ თუ არა დაკავებულებს მოკავშირეები საქართველოში.

ერთდროულად ორ მისამართზე ჩატარებული დაკავების ოპერაციის კადრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავად გაავრცელა. უცნობია, როგორ გავიდა გამოძიება სავარაუდო დამნაშავეთა კვალზე. ასევე საინტერესოა იდენტიფიცირებულია, თუ არა პირი, რომელიც საქართველოში კონკრეტული მიზნით უკანონოდ უნდა შემოეყვანათ.

სასამართლოში პირველად წარდგენის სხდომა ხვალისთვის ჩაინიშნა. დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით პროცესი მედიისთვის დახურული იქნება.

ამის პარალელურად გამოძიება საზღვრის უკანონო კვეთის მომზადების საქმეზეც გრძელდება. ამიტომ არ არის გამორიცხული დაკავებულებს დანაშაული უახლოეს მომავალში კიდევ დაუმძიმდეთ.

ორტომიან საქმეში არაერთი მტკიცებულების შეტანის მიუხედავად უწყების შენობიდან გამოსული უფლებადამცველი დღეს მედიასთან ამტკიცებდა, რომ მძიმე დანაშაულის საქმეში არსებული ნივთები დაკავებულებს არ ეკუთვნის.

შუა ხნის მამაკაცებს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგომა ამ უმძიმესი ბრალით მაინც მოუწევთ. თუმცა ამით გამოძიება არ სრულდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მასშტაბურ დანაშაულზე საუბრობენ. ამიტომ დაკავებულებთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენის სამუშაოები უწყებაში გრძელდება.

რუსეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგებიან. თუმცა საქმეს გრიფით საიდუმლოს სტატუსი უკვე მიენიჭა. სხდომა მედიისთვის დახურული იქნება.

დღის ამბები