25 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
ოკუპანტების ტყვიას შეწირული თამაზ გინტური დღეს, სამხედრო პატივითი დაკრძალეს

ოკუპანტების ტყვიას შეწირული თამაზ გინტური სოფელმა მიწას მიაბარა, მიწას, რომელზეც 58 წლის კაცმა, ფეხი 6 ნოემბერს უკანასკნელად დადგა. თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს. ტერიტორიაზე, სადაც პროცესია მიმდინარეობდა, პოლიცია იყო განლაგებული. დაკრძალვის ცერემონიამდე, გინტურის სამოქალაქო პანაშვიდი გორის საკათედრო ტაძარში გაიმართა.

პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიას თამაზ გინტურის ოჯახის წევრები, ნათესავები, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. 6 ნოემბერს, ოკუპანტებმა თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს,4 დღიანი ტყვეობის შემდეგ კი ქართულ მხარეს გადმოსცეს. თამაზ გინტური დაკრძალვამდე გორის საკათედრო ტაძარში ჰყავდათ გადასვენებული. ბოლო პანაშვიდი აქ ჩატარდა.

ტაძარში შეკრებილების ერთადერთი სასაუბრო თემა სწორედ მომხდარი მკვლელობა, მისი გარემოებები და მიმდინარე ოკუპაციის მძიმე შედეგები იყო. საერო თუ სასულიერო პირები, ასევე უფლებადამცველები და ხელისუფლების წარმომადგენლები. ყველა თანხმდება, რომ მომხდარ დანაშაულს რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს.

უნდა დადგეს როგორც სამართლებრივი ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. თამაზ გინტურის მკვლელობის მთავარ მოწმეს, ლევან დოთიაშვილს, ჩვენება უკვე მიცემული აქვს. მან მომხდარზე მედიასთანაც ისაუბრა და თქვა, რომ რუს ჯარისკაცს სროლის საფუძველი არ ჰქონდა. გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ არ გაუწევიათ წინააღმდეგობა,შედგა საუბარიც. რუს ჯარისკაცს არ უთქვამს რომ აპატიმრებდნენ.

იყო შეთანხმება სოფელში დაბრუნების შესახებაც, თუმცა მანქანაში ჩასხდომისა და დაძვრის შემდეგ გინტურს ზურგში ორი ტყვია მოხვდა.

დღის ამბები