25 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
იყო სპეკულაციები, თითქოს მთავრობას არაფერი გაუკეთებია, მთავრობა არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს სტატუსს, ევროკომისიის გადაწყვეტილებით ეს სპეკულაციები დასრულდა - პრემიერი

"ევროკომისიის გადაწყვეტილებით და იმ ჩანაწერით, რომელიც ვიხილეთ, დასრულებულია უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, უსუსური სპეკულაციები, თითქოს მთავრობას არაფერი გაუკეთებია, მთავრობა არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს სტატუსს,"- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილის სვამს კითხვას, თუ მთავრობა არ იმსახურებდა და ხალხი იმსახურებდა სტატუსს, მაშინ რატომ არ იყო შარშან აქცენტი გაკეთებული ხალხზე, როდესაც ქვეყანას სტატუსი არ მიენიჭა.

"უკაცრავად, მაგრამ შარშან ხალხი არ იყო ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში? შარშან არ იმსახურებდა ხალხი სტატუსს? რატომ არ იყო მაშინ აქცენტი გაკეთებული? იმავე ადამიანებს, რომლებიც დღეს ამას უსინდისოდ იმეორებენ, არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ქვეყანას შარშანვე მიეღო სტატუსი. პირიქით, პირდაპირ საბოტაჟს ეწეოდნენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ეს რეალობაა,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მიიღეს, ქვეყანას მიენიჭებოდა სტატუსი, გააქტიურდნენ ადამიანები და უსუსურად სცადეს ქულების დაწერა.

"მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მიიღეს, ქვეყანა მიიღებდა სტატუსს, ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ ადამიანები, რომლებმაც უსუსურად სცადეს ქულების დაწერა. მთავარი ის კი არ არის, ვინ რა ქულას ჩაიწერს, მთავარია, ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, ქვეყანა გაძლიერდეს, განვითარდეს, წინ წავიდეს. ეს არის მთავარი ამოცანა, ეს უნდა იყოს მთავარი ინტერესი. ხალხზე აპელირება და აქცენტის გაკეთება უსუსური მცდელობაა, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ შეყვარებული არიან უსუსურ განმარტებაზე. მინდა, კითხვა დავუსვა ამ ადამიანებს, შარშან რატომ არ ახსოვდათ ჩვენი ხალხი, როცა რეზოლუცია მიაღებინეს თავიანთ პარტნიორ დიდ პარტიებს – "ევროპის სახალხო პარტიას" და სხვებს, პირდაპირ ანტიქართული რეზოლუციები დაასპონსორეს და მიაღებინეს? თურმე საქართველო მაშინ არ იმსახურებდა სტატუსს. აღარ მინდა, კრიტიკა გავაგრძელო ადამიანების, პოლიტიკოსების, მაგრამ ჩვენ პირდაპირ გვესმოდა მოწოდებები, რომ ქვეყანა არ იმსახურებს სტატუსს, ქვეყანა არ არის მზად.

ამ დროს უკრაინას, მოლდოვას დღესაც ვუსწრებთ ათჯერ, და ყველას. არავის ვედრები, მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ ფაქტი არის ფაქტი და სიმართლე უნდა ვთქვათ პირდაპირ. მაშინ მათ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ არ მივიღეთ. მაშინ ხალხი არავის გახსენებია, პირიქით, ჩვენი ხალხის გაწირვის მცდელობა იყო, როცა ასეთი არასწორი გზავნილი გამოაგზავნეს, მაგრამ მიხარია, რომ ეს ჩამოვიტოვეთ, წარსულში დარჩა, გაუგებრობა ამოწურულია და მიღწეულია შედეგი. პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ, მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, ქვეყანამ უნდა მიიღოს სტატუსი. ეს წერია ევროკომისიის გადაწყვეტილებაში და მათ რეკომენდაციაში. ამით სპეკულაციები დასრულებულია. ჩვენი მთავრობის დროს მიიღო ქვეყანამ ყველაფერი, თუკი რამე მისაღები ჰქონდა ბოლო ათ წელიწადში. ევროინტეგრაციის გზაზე არავის გაუკეთებია იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ, არცერთ მთავრობას ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს გავაკეთეთ ჩვენ, "ქართულმა ოცნებამ" - იქნებოდა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა თუ ევროპული პერსპექტივა და ახლა უკვე სტატუსი არის დაგვირგვინება ჩვენი ეფექტიანი მმართველობისა,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები