25 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
ემანუელ მაკრონთან მქონდა შინაარსიანი საუბარი, მივიღე მხარდამჭერი სიტყვები, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას ევროპულ გზაზე - ირაკლი ღარიბაშვილი

"მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან. მე ჩამოვედი პარიზში მისი მოწვევით და ეს საინტერესოდ დაემთხვა სწორედ იმ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ."-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი წარმატებაა.

"მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს ხალხს ეს დიდი აღიარება და დაფასება. ემანუელ მაკრონთან მე მქონდა ძალიან შინაარსიანი საუბარი. ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, მეგობრობას. მას ვუთხარი, რომ ძალიან ვაფასებთ ამ დამოკიდებულებას, რომელიც მისი მხრიდან იქნა წარმოჩენილი. საფრანგეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე საფრანგეთის მხარდაჭერას უდავოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ პრეზიდენტ მაკრონთან, ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. მე მისგან მივიღე მხარდამჭერი სიტყვები. მან მითხრა, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას ევროპულ გზაზე. მე მას მივაწოდე ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, იმ რეფორმებსა და პროცესზე, რომელიც ყველამ ერთად გავიარეთ. პრეზიდენტ მაკრონს ასევე ვუთხარი, რომ ეს პროცესი არ სრულდება ამით და ეს არის პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს, ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ჩვენ ამით ახალ ეტაპზე გადავდივართ და გადადის ქვეყანა, მაგრამ პროცესი უნდა გაგრძელდეს. კიდევ უფრო მეტ წარმატებას უნდა მივაღწიოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი არის მოლაპარაკებების გახსნა და შემდეგ უკვე საბოლოო გაწევრიანება ევროკავშირში, რასაც, რა თქმა უნდა, წლები დასჭირდება, მაგრამ ამისთვის უნდა მოვამზადოთ ჩვენი ქვეყანა. ეს ერთ დღეში და ორ დღეში ვერ მოხერხდება. მაგრამ ის წარმატება და პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, ეს არის ნამდვილად ხელშესახები ჩვენი ხალხისთვის,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე სიმბოლური დაგვირგვინება მთელი ამ ათწლიანი პროცესის, კანდიდატის სტატუსი არის ძალიან დიდი მიღწევა.

"მინდა, გითხრათ, რომ პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა – მშვიდობის ფორუმი, რომელიც იმართება პარიზში, ვფიქრობ, საკმაოდ დროულია. პანელზე მქონდა საშუალება, მესაუბრა მშვიდობის მნიშვნელობაზე. დღეს მსოფლიოში არის უამრავი კრიზისი, კონფლიქტი, ომი და არ ჩანს არავითარი გადაწყვეტა და გადაწყვეტის გზები. ქვეყნებს და, პირველ რიგში, ხალხს, ჩვენც, ადამიანებს სჭირდებათ, მოისმინონ ლიდერებისგან გამოსავლის გზები. კრიზისი, კონფლიქტები, ომები თუ ვერ დასრულდება მსოფლიოში, ამით ზარალობს ხალხი. ​პანელზე მქონდა დისკუსია, ვისაუბრე ჩვენი ქვეყნის წარმატების მაგალითებზე. წარმატების მაგალითი არის შემდეგი, რომ ჩვენი ძალიან გააზრებული, მიზანმიმართული, თანმიმდევრული პოლიტიკით ბოლო ათ წელიწადში მოვახდინეთ ის, რომ, ერთი მხრივ, შევინარჩუნეთ მშვიდობა, დავამყარეთ მშვიდობა და სტაბილურობა. ეს გახდა, ასე ვთქვათ, განმაპირობებელი იმ წარმატებისა, რომელზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, თუნდაც ევროინტეგრაცია, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ეკონომიკური წარმატება და ზრდა, რომელიც გვაქვს, ბოლო ათ წელიწადში ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა გასამმაგდა. იყო 27 მილიარდი გახდა 85 მილიარდი. დოლარში გაორმაგებული არის. ასე რომ, ეს არის ის წარმატება, რომელზეც მქონდა საუბარი. დღეს მინდა, ვთქვა, რომ, ბუნებრივია, ჩვენ ვართ ძალიან შეწუხებული, რადგან არავინ იცის, როგორ და როდის დასრულდება უკრაინაში ომი. ახლო აღმოსავლეთსა და ისრაელში განვითარებული მოვლენები, ბუნებრივია, არის ჩვენი წუხილის საგანი."-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ასეთი ტიპის ფორუმების გამართვა მნიშვნელოვანია, ლიდერებმა უნდა გააგზავნონ დამაჯერებელი და იმედის მომცემი მესიჯები.

"კონკრეტული გზები არის საჩვენებელი და ვთქვი, რომ დღეს მსოფლიოს სჭირდება მშვიდობის მოყვარული, მშვიდობის შემქმნელი, გარანტიის მიმცემი ლიდერშიპი. მთავრობებს სჭირდებათ უფრო ნაკლები ომის მსურველი ადამიანები. სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც მოიტანენ მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას მოუტანენ ხალხს. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი. ბუნებრივია, რეგიონში ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოწვევები. ჩვენს შემთხვევაში 20 პროცენტი ოკუპაცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მაგრამ, მჯერა, ჩვენ განსაზღვრული, გააზრებული, სტრატეგიული მოთმინებისა და გრძელვადიანი მშვიდობიანი პოლიტიკის შედეგად მოვახერხებთ დეოკუპაციას ჩვენი ტერიტორიების. აი, ეს არის ძირითადი შეჯამება ამ ჩემი ვიზიტის ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ მადლიერნი ვართ საფრანგეთის, მადლიერნი ვართ საფრანგეთის პრეზიდენტის, მაკრონის, რომელმაც ასეთი მხარდაჭერა გამოუცხადა ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. ასევე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, შარლ მიშელს, ჩვენს მეგობარს, ოლივერ ვარჰეის და ყველას, ვინც იყო მხარდამჭერი და ვინც რჩება ჩვენი ქვეყნის წარმატების მხარდამჭერად,"-განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები