"გლობალური კორუფციის ინდექსის" მიხედვით, საქართველომ კორუფციის დაბალი დონის სტატუსი მიიღო, 2 ადგილით დაწინაურდა და რეგიონში ლიდერის პოზიცია დაიკავა. შვეიცარიული საერთაშორისო ორგანიზაცია "გლობალ რისკ პროფაილის" მონაცემებით, ქვეყანა, მსოფლიოს 196 სახელმწიფოს შორის, საუკეთესო 25 პროცენტშია. საჯარო კორუფციის აღქმის დონე, ფინანსური დანაშაულის შეფასების სტანდარტები, მთავრობის ეფექტურობა - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ინდიკატორებიდან, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოს მოწინავე ანალიტიკურმა ცენტრმა შეაფასა.
კორუფციის დაბალი დონის სტატუსით, ქვეყანა რეგიონში ერთადერთია. მმართველი გუნდი საერთაშორისო რეიტინგს რეფორმების განხორციელებას უკავშირებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ქვეყნის წარმატებებს მსოფლიო ადეკვატურად აღიქვამს, ოპოზიციის ნაწილი კი კვლევის შედეგებს სკეპტიკურად უყურებს.
საქართველო რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელ და შავიზღვისპირეთის სახელმწიფოს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ჩამორჩება. მონაცემების გათვალისწინებით, ოპტიმისტურია ეკონომიკის ექსპერტების განწყობებიც.
მონაცემებით ირკვევა, რომ კორუფციისგან თავისუფლებით, ქვეყანა ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 8 სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორისაა: ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, თურქეთი და მონტენეგრო.