კანდიდატის სტატუსზე მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებიდან პირველი, ვისაც საქართველოს პრემიერი შეხვდა, საფრანგეთის პრეზიდენტია.
ემანუელ მაკრონი პირველია, ვინც ირაკლი ღარიბაშვილს პირადად მიულოცა ევროკომისიის გადაწყვეტილება. თანადგომისთვის მადლობა მიიღო მაკრონმაც.
ელისეის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს ევროპული პერსპექტივის გარდა, მთავარი საკითხი მსოფლიოში შექმნილი ახალი რეალობა და რეგიონის უსაფრთხოება იყო.
სწორედ კავკასია იქნება პარიზში მიმდინარე ფორუმის ერთ-ერთი პანელის მთავარი თემაც. "უფრო უსაფრთხო მსოფლიო - კავკასიის მაგალითზე". უკვე ხვალ, კონფლიქტების თავიდან აცილების გზებზე, ღარიბაშვილი და ფაშინიანი ერთად ისაუბრებენ.
სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად, საქართველოს პოზიტიურ როლზე ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონთან დღესაც ისაუბრა.
ორივე ლიდერი ხვალ პარიზის მეექვსე სამშვიდობო ფორუმს დაესწრება, სადაც მსოფლიო პოლიტიკური ელიტა გლობალურ პრობლემებზე იმსჯელებს. მათ შორის არის სამხედრო კონფლიქტები, ტერორიზმი, მიგრაცია, კლიმატის ცვლილებები - ყველაფერი ის, რაზეც საერთაშორისო თანამეგობრობას სულ უფრო უჭირს საჭირო გადაწყვეტილებების მიღება. საერთაშორისო ნომრების უგულებელყოფა კი მშვიდობას აზიანებს და ახალ კონფლიქტებს იწვევს.