ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა კონსტიტუციით დაცულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს. კომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა სახელისუფლებო ძალის კოორდინირებული მუშაობის შედეგად მიიჩნევს. პოლიტიკოსები ინტეგრაციის ახალ საფეხურზე გადასასვლელად, რეკომენდაციებისა და დათქმების შესასრულებლად მზად არიან. ამბობენ, რომ პესიმისტური მოლოდინის მიუხედავად, პროცესში ოპოზიციის ჩართვის შემთხვევაში თანამშრომლობის კარი ღიაა.
ევროკომისიის ახალი გზამკვლევის შესრულებას, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში შეუძლებლად მიიჩნევს ოპოზიციის ნაწილი. ამ კუთხით, დღეს, განსაკუთრებით კრიტიკული იმ პარტიების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც 12 რეკომენდაციაზე სამუშაოდ შექმნილ არცერთ საპარლამენტო ჯგუფში მონაწილეობა არ მიუღიათ.
კოლეგების პოზიციას არ იზიარებენ "გირჩში." პოლიტიკურ ცენტრში, ევროკომისიის პოზიტიურ დასკვნის გამო, დღეს ხელისუფლების დამსახურების აღიარებასაც არ მორიდებიან. თქვეს ისიც, რომ "ლელომ," "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ნაციონალურმა მოძრაობამ," საერთაშორისო პარტნიორებთან, საკუთარი ბუნდოვანი პოზიციით, პროცესზე ნეგატიური გავლენა მოახდინეს.
ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის გამო ოპოზიციას გლოვა აქვს გამოცხადებული - ასეთია მმართველი გუნდის რეაქცია, ოპონენტების შეფასებებზე. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციისა და მათი ლობისტების მიუხედავად, სტატუსის საბოტაჟი ვერ შედგა. შესაბამისად, ახლა, არსებული ისტორიული მიღწევის დასაკნინებლად ოპოზიციის ნაწილი ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებას ეცდება.
ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება ევროპის დედაქალაქში გამართულ ბრიფინგზე ურსულა ფონ დერ ლაინმა გამოაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობის მუშაობა, დეოლიგარქიზაციისა და ანტიკორუფციული ბიუროს საკითხში პოზიტიურად შეაფასა. თქვა, რომ 12 რეკომენდაციისა და კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციის შესრულების პროცესი უნდა გაგრძელდეს.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად მინიჭებას 15 დეკემბერს, ევროპის 27 ქვეყნის ლიდერი გააფორმებს.