25 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი გაათავისუფლა

4-დღიანი ტყვეობის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა ლევან დოთიაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლა და ქართულ მხარეს გადმოსცა, - ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. 

"უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენელებმა უკანონოდ დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, თამაზ გინტურის მკვლელობისას, თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგენთში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

უკანონო დაკავებულის გათავისუფლების შესახებ კომუნიკაციისას, ასევე, ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.

ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით. მუშაობა, ასევე, მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ, ოკუპირებული ცხინვალის ტელევიზიამ გაავრცელა დოთიაშვილის დაკითხვის კადრები, რომლებშიც ნაჩვენებია მოკლული თამაზ გინტურის ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოკადრები, იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ.

6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში სანთლის დასანთებად ასული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

დღის ამბები