დღეს, გამთენიისას, ისრაელმა ღაზაზე ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან კიდევ ერთი იერიში მიიტანა. სექტორში აფეთქებების ხმა ისმოდა და კვამლი შორი მანძილიდან ჩანდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ კონტროლი აიღეს "ჰამასის" სამხედრო პუნქტზე, სადაც ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, რაკეტების გამშვები მოწყობილობა და სხვადასხვა შეიარაღება იყო. "ცახალი" ღაზაში "ჰამასის" გვირაბების და მათი აფეთქების კადრებს ავრცელებს.
ღაზიდან კი ვრცელდება ინფორმაცია და კადრები მოქალაქეების დაღუპვის შესახებ სექტორის სამხრეთში, ქალაქ ხან-იუნისის მახლობლად. ნასერის ჰოსპიტლის პროზექტურაში ცხედრებს დაკრძალვისთვის ამზადებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ საჰაერო იერიშებს უმეტესად ქალები და ბავშვები ეწირებიან. ღაზის ჯანდაცვის სამსახურის თქმით, ხან იუნისში, რაფასა და დეირ ალ-ბალაჰში, დღევანდელი საჰაერო იერიშების დროს, 23 ადამიანი დაიღუპა.
ხან-იუნისში, იერიშის შემდეგ არაერთი შენობაა განადგურებული. მოქალაქეების ჯგუფი ნანგრევებშია დარჩენილი.
ღაზის ჯანდაცვის სამსახური ირწმუნება, რომ დაღუპულ 10 000 პალესტინელს შორის 4 100 ბავშვია. ისრაელის საპასუხო იერიშების შედეგად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი წუხილის მიზეზია გაეროში, სადაც საფრანგეთის დელეგაციამ, ვითარების სიმძიმიდან გამომდინარე, ჰუმანიტარული ზავი მოითხოვა.
სექტორის აბსოლუტური ბლოკადის ფონზე, ჰუმანიტარული ვითარება რთულია სამხრეთში, სადაც ჩრდილოეთის რაიონებიდან გამოქცეული ღაზის მოსახლეობის დიდი ნაწილია თავშეფარებული. რაფაში ასობით მოქალაქე საათობით დგას რიგში, რათა წყალი მოიმარაგოს. ადგილობრივების თქმით, ამ ერთ ონკანზე 20 000 ოჯახია დამოკიდებული.
პრემიერი ნეთანიაჰუ მძევლების გათავისუფლებამდე ცეცხლის შეწყვეტას გამორიცხავს, თუმცა მცირეხნიან ჰუმანიტარულ პაუზებზე თანხამაა.
ისრაელის წინააღმდეგ ჰამასის თავდასხმებიდან დღეს 1 თვე შესრულდა. ქვეყნის ყველა ქალაქში ამ თარიღს წუთიერი დუმილით შეხვდნენ და ტერორისტული აქტების დროს მოკლულ მოქალაქეებს პატივი მიაგეს.