რომ არა ჩვენი სამღვდელოება, რომელსაც ახლა ნახევარი ოპოზიცია ლანძღავს და აგინებს, მიცვალებულებს ვერ გამოვიყვანდით, დეზერტირებს, პირტიტველა ბიჭებს დასდევდნენ ვაშლის პლანტაციებში, იჭერდნენ და გადაავსეს ციხეები ამ ბავშვებით, მათი მშობლები შემდეგ ჩემთან მოდიოდნენ პარლამენტში, შვილების შეწყალებას მთხოვდნენ და მეთაურები გაიქცნენ, გორში ფორთხავდნენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მანამდე სააკაშვილმა თავისი მხედართმთავრული ნიჭი თბილისში, 7 ნოემბერს გამოავლინა, როცა, პარლამენტის ნებართვის გარეშე, ყაზარმებიდან გამოიყვანა გენშტაბის უფროსის, გოგავას დუმილის ქვეშ, თუ უშუალო დახმარებით, ასევე ჩვენი შეიარაღებული ძალები და პირდაპირ დაუპირისპირა მომიტინგეებსა და პროტესტანტებს.
„ეს გავიწყდებათ? რატომ არ იხსენებთ ამას, არ გსიამოვნებთ ხომ ასეთი რამეების გახსენება, გამგები გაიგებს. რა თქმა უნდა, არ გსიამოვნებთ. ვინ მისცა მიხეილ სააკაშვილს უფლება, რომ ჯარი გამოეყვანა და პროტესტანტებისთვის დაეპირისპირებინა? ყოველ მომენტში იქ ვიყავი. ახლა ვიღაც-ვიღაცები რომ დგანან ყელმოღერებული, ენები დაუგრძელებიათ და 7 ნოემბერზე რომ ლაპარაკობენ, გვარსა და სახელს არ დავასახელებ, იქ ვიყავი ყოველ წამსა და ყოველ წუთს, იმ უბედური დღის ყოველი ნაბიჯი, გაელვება მახსოვს. ვინ გამოიყვანა სამხედრო ძალები პარლამენტის ნებართვის გარეშე? ვინ შემოიღო საგანგებო მდგომარეობა? ვინ გააყალბა 2008 წლის 5 იანვრის არჩევნები? ვინ "გაუპრავა" ეს ყველაფერი სააკაშვილს და მერე ვინ მოიტანა ეს უბედურება, ყველაფერი? მე აღვადგინე სერგო ორჯონიკიძის, ნაძირალა ბოლშევიკების შექმნილი ოლქი? ბოკერიას აღდგენილი არ არის? ბეჟაშვილის აღდგენილი არ არის? ჩემი აღდგენილია? მოვედით 2012 წელს ხელისუფლებაში და დაგვხვდა ეს უბედურება. რა უნდა გვექნა, ლაშქრობა დაგვეწყო? რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი? მარტივია ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით საუბარი, წავიდეთ, იქ შევიჭრათ, იქ გადავიდეთ, შემდეგ რა მოხდება? მეორე, მესამე დღეს რა მოხდება? ვინმე ამაზე პასუხს აგებს? არავინ, გარდა საქართველოს ხელისუფლებისა და ჩვენ რომ ვაგებთ ამ ყველაფერზე პასუხს და ამ უბედურებას, პირდაფჩენილ საზიზღრობას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჰქვია, ყოველდღე ვუყურებთ, იმიტომ ვართ ასე ფრთხილად, თორემ გავიწევით, კი ბატონო, მობრუნდეს სააკაშვილი, გამოუშვით ციხიდან და ნახავთ, რა მოხდება მეორე დღეს ამ ქვეყანაში. ჩემზე უფრო არავის უნდა არც ცხინვალის, არც სოხუმის, არც ლესელიძის დაბრუნება, ფეხდაფეხ მაქვს სხვებისგან განსხვავებით მოვლილი სამაჩაბლოც და აფხაზეთიც, როცა პატარა ბავშვი ვიყავი და დავდიოდი ყველგან, მახსოვს ძალიან კარგად ეს ყველაფერი, თქვენგან განსხვავებით, სამწუხაროდ“, - განუცხადა ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს.