პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. მისივე თქმით, ოპონენტების ნაწილმა დაიწყო საუბარი კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე გარკვეული დათქმებით.
"სამწუხაროა, მაგრამ დღეს ეს უკვე არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ჩვენი ქვეყნის ოპოზიციამ, მაშინ, როდესაც ეს საკითხი აქტუალური გახდა, აირჩია ის ტაქტიკა, სტრატეგია და მიდგომა, რომ რაც შეიძლება მეტად დაეზიანებინათ ქვეყანა, რომ არ მომხდარიყო ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება. ახლა წამოიწყეს საუბარი კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე, მაგრამ დათქმებით. სამწუხაროდ, მათი გადმოსახედიდან, მათი მცდელობები იმას ემსახურება, რომ ეს დათქმებიც იყოს რაც შეიძლება მეტად დამაზიანებელი," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.