25 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული საქართველოს მოქალაქე - მოსახლეობის ნაწილი იხსენებს, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული თამაზ გინტურის ახლობლები მომხდარის შესახებ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ დაზუსტებით არ იციან, რა მოხდა გუშინ საღამოს, იმ ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

მოსახლეობის ნაწილი იხსენებს, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. ვრცელდება სხვადასხვა ვერსია, თუმცა ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა, რადგან, მოკლულთან ერთად, მხოლოდ ერთი პირი იმყოფებოდა, ლევან დოთიაშვილი, რომელიც უკანონო პატიმრობაშია.

"გავიგე 7-ჯერ სროლა, გამოიარა სასწრაფომ... ჩვენ გვაინტერესებდა, რა მოხდა... ორნი წასულან მანქანით სალოცავში, სანთლები უყიდიათ და იქ მიდიოდნენ. ეს გამოქცეულა და უკნიდან უსვრიათ და მოუკლავთ," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

მომხდარის შესახებ საუბრობს თამაზ გინტურის ნათესავი, ნოდარ გეთიაშვილი.

"ცეცხლი რომ გაუხსნეს და მოკლეს, თავის პიკაპში ჩადეს უკანა მხარეს. თვითონ ჩამოიყვანეს და უთქვამთ ჩვენებისთვის, წაიღეთო. ბორბლები ყოფილა დაშვებული, ნასროლია ტყვია," - ამბობს ადგილობრივი.

ოჯახსა და მთელს სოფელს სამძიმარი გამოუცხადა მამა საბა კარელიძემ.

"ასეთი ადამიანის გარდაცვალება არის ძალიან სამწუხარო. ჩვენი ეპარქია ვუერთდებით სამძიმარს," - ამბობს მამა საბა კარელიძე.

დღის ამბები