25 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
"თამაზ გინტურის მანქანამდე არ მივსულვართ, მანქანა დგას ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მიმდინარეობს გამოძიება, გამოკითხულია ძალიან ბევრი მოწმე" - ვალერი თელია 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სამძიმარს იღებს. ცხედარი უკვე მშობლიურ სოფელშია გადასვენებული. სოფელ კირბალში იყო "კურიერიც", იქ, სადაც გინტურის ოჯახი ცხოვრობს.

მედიის წარმომადგენლები სოფელში სამართალდამცველებმა შეიყვანეს. ამავე სოფლის მკვიდრია უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილიც.

ოჯახში, სამძიმარზე იყოფებოდა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვალერი თელია, რომელმაც განაცხადა, რომ, მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება, მისივე თქმით, გამოკითხულია ბევრი მოწმე.

"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, დეტალებს ვერ მოგახსენებთ, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აუცილებლად გაავრცელებს. გამოკითხულია ძალიან ბევრი მოწმე. ჯერჯერობით, მანქანამდე არ მივსულვართ, მანქანა დგას ოკუპირებულ ტერიტორიაზე და როგორც კი გვექნება ავტომანქანასთან მისვლისა და დათვალიერების საშუალება, ამის შემდეგ მოგახსენებთ. ჯერჯერობით, ვერანაირ ვერსიაზე ვერ გაგცემთ პასუხს," - ამბობს ვალერი თელია.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, მიხეილ შაყულაშვილი მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"მინდა, სამძიმარი გამოვთქვა ოჯახის მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რა დროსაც, საქართველოს ტერიტორიაზე, ოღონდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელზეც კონტროლი ამჟამად რუსებს აქვთ. რაც შეეხება დაკრძალვის ხარჯებს, სახელმწიფო თავის თავზე იღებს დაკრძალვის ხარჯებს. ამ ეტაპზე, სახელმწიფოს ნომერ პირველი საქმე, სადაც ჩარეულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები, არის ის, რომ უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ადამიანი გადმოგვცენ. ყველაფერი შესაძლებელია, რომ პასუხისგებაშიც მიეცნენ ის ადამიანები, რომლებიც ამაში დამნაშავეები არიან," - აცხადებს მიხეილ შაყულაშვილი.

დღის ამბები