საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესში, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე, პოლიტიკურ სპექტრში ურთიერთბრალდებები მწვავდება. "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მათი ოპონენტები ცდილობენ, დაარწმუნონ ევროკომისიის წარმომადგენლები, რომ მათ საქართველოს სტატუსის მინიჭება ან გადაუვადონ, ან მხოლოდ მძიმე დათქმით მიანიჭონ. ოპოზიცია ბრალდებებს უარყოფს და მსგავს რიტორიკას ხელისუფლების პროპაგანდას უკავშირებს, რომელიც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების სურვილითაა განპირობებული.
"ჩვენ ყველა სიტუაციაში ვხელმძღვანელობთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ახალ-ახალი მოთხოვნებით საქართველოს არ ვამძიმებთ. ეს არის პროპაგანდა. ხელისუფლება ცდილობს, რომ, ვინიცობაა, ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იპოვოს განტევების ვაცი. მგონი, არასწორია. თქვენ ნახავთ შეფასების დოკუმენტს, იქ საერთოდ ერთი სიტყვაც არ იქნება ოპოზიციის ბრალზე, ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება," - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე.
"რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ თუ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველო ასოცირებული ტრიოს დანარჩენ წევრებს ჩამორჩება, ეს სრულად ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება.
"იმედი მინდა ვიქონიო, რომ საქართველოს მეგობრები გააკეთებენ ყველაფერს, რომ მძიმე მოცემულობების მიუხედავად, რეკომენდაცია არსებობდეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ წინაპირობები იქნება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, რაც "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობაა და ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ჩამოვრჩებით ასოცირებული ტრიოს ორ ქვეყანას - უკრაინასა და მოლდოვას და ეს სხვა არავის ბრალი არ იქნება, თუ არა "ქართული ოცნების". ამიტომ, ნაცვლად ოპოზიციისკენ თითის გაშვერისა, აქ საუბარია პასუხისმგებლობის აღებაზე," - აცხადებს თეონა აქუბარდია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა სწორედ განხორციელებულ რეფორმებზე გადის.
"რეფორმებში თუ ევროკავშირი დღემდე გვეხმარებოდა სხვადასხვა შეთანხმებით, 12 პუნქტით, ხვალ შეიძლება იყოს ეს 14, მოლაპარაკების პროცესში - 27. ყველა ქვეყანამ, რომელიც გაწევრიანდა ევროკავშირში, ევროკავშირთან შეთანხმებით გაიარა კონკრეტული რეფორმების გრძელი გზა. საქართველოს ეს რეფორმები გვჭირდება ევროკავშირის მხარდაჭერით. ევროკავშირში მიღება ჯილდო კი არ არის, რომ ჩამოვიკიდოთ მედალი და ვიაროთ ამით. ევროკავშირში შესვლა ნიშნავს ევროკავშირთან ერთად შრომას ჩვენი ქვეყნის გასაუმჯობესებლად," - აცხადებს დავით უსუფაშვილი.