25 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
ჩრდილოეთის ციალი "ავრორა" -30 წლის შემდეგ, პირველად, უჩვეულო შეფერილობის ცა საქართველოში

30 წლის შემდეგ, პირველად, წითელი შეფერილობის პოლარული ნათება იგივე "ჩრდილოეთის ციალი" რაჭის, ყაზბეგისა და სვანეთის ცაზე გამოისახა. საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლები, საღამოს საათებში იშვიათი სანახაობის მომსწრენი გახდნენ. სხვა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი და ჩვეულებრივი მოვლენა, საქართველოში უჩვეულოდ მიიჩნიეს ასტროფიზიკოსებმა, რომლებიც მოვლენას მზისგან წამოსული ნაწილაკების ურთიერთქმედებას უკავშირებენ. ციალი სახელწოდებით "ავრორა", მზეზე მიმდინარე ძლიერი ამოფრქვევის შედეგად გაჩნდა.

ეს იშვიათი მოვლენა, აბასთუმნის ობსერვატორიაში დაკვირვების მთავარი ობიექტი გახდა. სპეციალისტებმა, ციალი "ავრორა" უკვე თითქმის შეისწავლეს და, სიმძლავრის 9-ბალიანი შკალიდან, 8 მიანიჭეს. პოლარული ნათებით გამოწვეულ სერიოზულ საფრთხეებზე გადაჭრით საუბარი უჭირთ, თუმცა მეცნიერები რამდენიმე რისკფაქტორზე საუბრობენ.

"კურიერი" სოციალურ ქსელში გავრცელებული პოპულარული ფოტოების ავტორსაც ესაუბრა. ესმა ჯაფარიძე სვანეთს ხშირად სტუმრობს, თუმცა, მისი ბოლო ვიზიტი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, მესტიიდან მოშორებით, 21:00 საათზე, ის დაუვიწყარი მოვლენის მომსწრე გახდა.

საქართველოსთვის უჩვეულო ბუნებრივი მოვლენა ახლა ასტროფიზიკოსების დაკვირვების მთავარი საგანია. მათი განმარტებით, კოსმოსში მიმდინარე ხელსაყრელი პირობები ამ მოვლენას განვითარების საშუალებას აძლევს. ასე რომ, მეცნიერები "ავრორას" გამოჩენას, საქართველოს ცაზე უახლეს მომავალშიც ვარაუდობენ

დღის ამბები