"ცახალი" ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას აგრძელებს - წუხელ ღამით, ისრაელის არმიამ, "ჰამასის" სამხედრო ბანაკი გაანადგურა. ავიაგამანადგურებლების მხარდაჭერით, "ცახალმა" ტერორისტებზე 450 დარტყმა განახორციელა. დაბომბვის შედეგად, ლიკვიდირებულია ჯამალ მუსა, რომელიც ებრაული დაზვერვის ცნობით "ჰამასის" სპეცოპერაციებს ხელმძღვანელობდა. "ცახალი", რომელიც უკვე ქალაქ ღაზაში იმყოფება, როგორც ჩანს, ხანგრძლივი ომისთვის ემზადება. ისრაელის არმიამ, ცოტა ხნის წინ, განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ ჯარი ზამთრის ომისთვის თბილი ტანსაცმლით მარაგდება.
ღაზის სექტორში კი ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანის მიუხედავად, საკვებისა და წყლის მწვავე დეფიციტია. პალესტინური ანკლავი, სამედიცინო პრეპარატების დეფიციტსაც განიცდის.
ამასთან, მას შემდეგ, რაც სტამბოლიდან და სხვა ქალაქებიდან ასობით დემონსტრანტი ადანის მახლობლად, თურქულ-ამერიკულ "ინჯირლიკის" საჰაერო ბაზაზე ჩავიდა, ტერიტორიაზე შეჭრა სცადა და პოლიციასთან შეტაკება დაიწყო, ამერიკის პირველი დიპლომატი თურქეთში მოლაპარაკებებზე გაემგზავრა. ენტონი ბლინკენი ანკარაში გვიან ღამით ჩაფრინდა და დღეს დილით საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ჰაქან ფიდანს შეხვდა. სახელმწიფო მდივნის მოლაპარაკებები, საპროტესტო დემონსტრაციის ფონზე მიმდინარეობდა. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე, ვაშინგტონი, ღაზას გენოციდში და ისრაელის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.
ღაზის მხარდაჭერას ადასტურებს რეჯებ თაიფ ერდოღანი. რიზეში ჩასულმა პრეზიდენტმა, ისრაელის ოპერაცია კიდევ ერთხელ დაგმო.
სახელმწიფო მდივნის ანკარაში ჩასვლის შესახებ, რეგიონში ვიზიტების დაწყებამდე მხოლოდ დაუდასტურებელი ინფორმაცია არსებობდა. ისევე როგორც უცნობი იყო საზოგადოებისთვის, დასავლეთ სანაპიროზე ბლინკენის სტუმრობა და შეხვედრა პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან, რომელიც შეუერთდა მოწოდებებს, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ვაშინგტონი ჰუმანიტარული პაუზის მიღწევაზე მუშაობს.
ენტონი ბლინკენი ერაყის პრემიერსაც შეხვდა, რომელიც ამ შეხვედრის შემდეგ ირანის ხელმძღვანელებთან სასაუბროდ თეირანში ჩავიდა. თეირანი ისევ ინარჩუნებს მტრულ დამოკიდებულებას ამერიკელებისა და 7 ოქტომბრის ტერაქტებზე ისრაელის პასუხის მიმართ.
"ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამსახური ირწმუნება, რომ ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკზე, ისრაელის საჰაერო თავდასხმას 45 ადამიანი ემსხვერპლა. ამავე უწყების ცნობით, ომში დაღუპულ პალესტინელთა რაოდენობამ 10.000-ს გადააჭარბა. ისრაელის მხარეს, დაღუპულია 1400 ადამიანი. 240 პირი ისევ "ჰამასის" ტყვეობაში რჩება.