მდინარეებად ქცეული ქუჩები მილანში, დატბორილი საავადმყოფოები და საცხოვრებელი სახლები - კოკისპირულმა წვიმამ მდინარე სევეზოს ადიდება გამოიწვია. უცებ მოვარდნილმა წყლის ნაკადმა მანქანებში მყოფი ადგილობრივები გაიტაცა. მილანში საფრთხის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.
მსხვერპლი მოჰყვა ძლიერ წყალდიდობას ტოსკანაში - დაიღუპა 7 ადამიანი, არიან დაკარგულები. წყლის ძლიერმა ნაკადმა დაანგრია ხიდები. ტოსკანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს, ბოლო საუკუნის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური წყალდიდობაა იტალიაში.
იტალიის ცენტრალურ რეგიონში კრიზისული ვითარების გამო, დაიხურა სკოლები, გაუქმდა ავია და სარკინიგზო რეისები, დაზიანდა შენობები, მაშველები იძულებული გახდნენ, დატბორილი კლინიკებიდან, პაციენტები სხვა რეგიონის საავადმყოფოებში გადაეყვანათ. ტოსკანას დასახმარებლად, იტალიის პრემიერმა 5 მილიონი ევრო გამოყო.
სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ასობით ადამიანი. წყალდიდობის შედეგად, 50 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მთავრობა მოსახლეობას მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.