25 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
საკუთარი პოლიტიკური მომავალი თუ საქართველო - კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გააქტიურებული პოლიტიკური სუბიექტები და მათი დამაზიანებელი სვლები

მმართველი გუნდი არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის ნაწილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიზანმიმართულ საბოტაჟში ადანაშაულებს. ბრალდების კიდევ ერთხელ გაჟღერების მიზეზი, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენლის, ვანო ჩხიკვაძის სტატია და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ევროდეპუტატის, რასა იუკნევიჩიანეს სატელევიზიო ინტერვიუ გახდა, სადაც ევროდეპუტატი სტატუსს სახელისუფლებო პარტიის გაძლიერების შესაძლებლობას უწოდებს. რაც შეეხება ჩხიკვაძეს, მან დაახლოებით მსგავსი შინაარსის სტატია, შარშან, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდეც დაწერა. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ მესამე სექტორის წარმომადგენელი მუდმივად ცდილობს, პარტნიორების გადაწყვეტილებაზე ნეგატიური გავლენა ჰქონდეს.

ბრალდებებს მალე გამოეხმაურა ადრესატი. ივანე ჩხიკვაძემ დღეს, "კურიერთან" განმარტა, რომ სტატიაში, რომლის დიდი ნაწილიც რეკომენდაციების შეუსრულებლობას ეთმობა, სტატუსის წინააღმდეგ არ მოქმედებს. დათქმებში კი იმას გულისხმობს, რაც წევრობის ყველა მსურველისთვის სავალდებულოა.

ევროსტრუქტურების მისამართით, ივანე ჩხიკვაძის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ გზავნილებს იზიარებენ ოპოზიციაშიც, თუმცა ამტკიცებენ, რომ, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, ყველაფერს აკეთებენ, ოპოზიციონერი კოლეგების ბრალდებებს პარტნიორებთან სტატუსის გადავადებაზე საუბართან დაკავშირებით კი, უსაფუძვლოს უწოდებენ.

კანდიდატის სტატუსზე უარის მოთხოვნით, ბრიუსელს დღეს ოფიციალურად მიმართა "ლეიბორისტების" ლიდერმა. შალვა ნათელაშვილმა ღიად თქვა ისიც, რომ ოპოზიციაში ამ აზრს ყველა იზიარებს, თუმცა ხმამაღლა საუბარს ვერავინ ბედავს.

შტურმი კანდიდატის სტატუსზე - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ოპონენტების ტაქტიკას. იმ ფონზე, როდესაც ბრიუსელიდან პოზიტიური სიგნალები მოდის, უმრავლესობას ოპონენტების შეცვლილი რიტორიკა არ აკვირვებს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ არასამთავრობოებისა და ოპონენტების დიდი ნაწილი სტატუსს მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად განიხილავს. შესაბამისად, გადაწყვეტილების დასამძიმებლად, ყველაფერს გააკეთებს.

ევროგაერთიანების ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, წლის ბოლოს მიიღებენ, ორ დღეში კი, ევროკომისია რეკომენდაციების შუალედურ დასკვნას გაასაჯაროებს.

დღის ამბები