12 დაღუპული, დატბორილი სახლები და დაზიანებული საკომუნიკაციო საშუალებები - ევროპის ჩრდილო-დასავლეთი ქარიშხალ კიარანის შედეგებს ებრძვის. სტიქიამ განსაკუთრებით საფრანგეთი დააზარალა. დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის მეხანძრე-მაშველები. ევაკუირებულია 1 300-მდე ადგილობრივი. მილიონ ნახევრამდე ადგილობრივი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ქარიშხალს მსხვერპლი მოყვა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში.შტორმის გამო სტიქიის ზონაში დაიხურა სკოლები, შეფერხებით მუშაობს რკინიგზა. გაუქმდა ავიარეისები. ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში, განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა. განგაშის წითელი დონეა იტალიის ჩრდილოეთით. დაზარალდა ტოსკანა, სადაც მეხანძრეებმა უცებ მოვარდნილი წყლის დროს მანქანებში ჩარჩენილი ოთხი ტურისტის გადარჩენა მოახერხეს.
ქარიშხალს რომლის სიმძლავრეც 194 კილომეტრი საათშია ორი ადამიანი ემსხვერპლა ბელგიის ქალაქ გენტში, მათ შორის 5 წლის ბავშვია. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გერმანიასა და ნიდერლანდებს. ნიდერლანდების ავიახაზებმა უამინდობის გამო ასობით ავიარეისი გააუქმა, გაუქმდა სარკინიგზო რეისების ნაწილიც.
ძლიერი ქარი და წყალდიდობაა ჩრდილოეთ ირლანდიაშიც . დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და დაიტბორა ქუჩები. ქარიშხალმა ათასობით ოჯახი დიდ ბრიტანეთში ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, დაიხურა ასობით სკოლა. ვარაუდობენ, რომ ქარიშხალი კიარანის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 36 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იქნება.