დავით უსუფაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ბრიუსელში საქართველოსთან დაკავშირებით ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
მისი ეს განცხადება უმრავლესობისთვის იმის დამადასტურებელია, რომ ევროკავშირის პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინში "ლელო" სტატუსის საბოტაჟს განაგრძობს. ამბობენ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატის ბრიუსელში ვიზიტი სტატუსის მიღების შეფერხებას ემსახურებოდა. მიაჩნიათ, რომ სწორედ ლელოს წარმომადგენლები იგულისხმეს მათმა კოლეგებმაც, როდესაც სტატუსის მიღების მოწინააღმდეგე ოპოზიციონერებზე ალაპარაკდნენ.
დავით უსუფაშვილმა დღეს მედიასთან კომენტარი არ ისურვა. მისი განცხადების შინაარსი სალომე სამადაშვილმა განმარტა და თქვა, რომ მათი პარტიის და ზოგადად ოპოზიციის მხრიდან სტატუსის საბოტაჟი, ხელოვნურად შექმნილი თემაა, რომელიც ხათუნა სამნიძის განცხადებამ უფრო გაამყარა.
ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა სტატუსის მიღების თხოვნით. დღეს ევროკომისიის ქალ პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართეს. წერილში წერენ, რომ ფუნდამენტური რეფორმები შესრულებული არ არის, თუმცა სტატუსი ქართველ ხალხს გეოპოლიტიკური საფრთხეების გათვალისწინებით უნდა მიენიჭოს.
ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი "ქართული ოცნებისთვის" ოპოზიციის ორმაგი სტანდარტის და მათი ანტიევროპული ქმედებების გადაფარვის მცდელობაა. მმართველ გუნდში დღეს კონკრეტული პარტიების და პოლიტიკოსების განცხადებებიც გაიხსენეს და ის ურთიერთბრალდებებიც, რომელიც სამნიძე-დეკანოიძის აღიარებას მოჰყვა.
ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე 5 დღე რჩება, ურთიერთბრალდებები პოლიტიკურ სპექტრში კი არ წყდება.