25 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
პროკურატურამ კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, ბრალდება კიდევ ხუთ პირს წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, ბრალდება კიდევ ხუთ პირს წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 30 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში მდებარე კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში, ბრალდებულები - - ბ.ჩ., თ.ქ., ა.ჩ., თ.ე., დ.ფ., ბ.რ. და ე.ნ. ჯგუფურად, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, თავს დაესხნენ აღნიშნულ ოფისში მყოფ პირებს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ოფისის და იქ მყოფი მომხმარებლების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 810 300 ამერიკული დოლარის, 110 ევროს და 6500 ლარის ოდენობით.

"ვინაიდან, ბრალდებულები თავს არიდებენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

ძებნილი ბრალდებულების ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბ.ჩ.-ს და ა.ჩ.-ს ბრალდება წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეფარდებული აქვთ პატიმრობა,"-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები