საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – რობინ დანიგანთან შეხვედრა გამართა.
უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა რობინ დანიგანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხი განიხილეს.
ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში აშშ-ის მთავრობის მიერ შეტანილი წვლილისთვის.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკოდანაშაული და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სახელმწიფო საზღვრის დაცვა.