ილონ მასკი და საქართველო Starlink-ის რუკაზე გადაიკვეთნენ. რეგიონში საქართელო პირველი ქვეყანაა, რომელიც ბარში, მთაში თუ წყალში, მაღალსიჩქარიანი სატელიტური ინტერნეტით ისარგებლებს - ამაზე სწრაფი ტელეკომში ჯერ ვერავინ ვერაფერი მოიგონა. მულტიმილიარდერმა მასკმა სიახლე მსოფლიოს საკუთარი სოციალური ქსელით, X-ით აცნობა, რაც ნაწილისთვის ჟღერადი სიახლე აღმოჩნდა, სხვა ნაწილმა კი უკვე იცოდა, რომ საქართველო Starlink-ის საპილოტე ქვეყნად უკვე 2 წელია განიხილებოდა და სილიკონის ველზე SpaceX-თან მოლაპარაკებებიც დაწყებული იყო.
Starlink-ის ინტერნეტს ის გამოარჩევს, რომ შეუძლია ყველაზე მიუწვდომელ ადგილებში იყოს ხელმისაწვდომი სიცხეშიც და სიცივეშიც, ქარშიც და წვიმაშიც - მის დასაჭერად მხოლოდ დენის წყარო და ცისკენ მიმართული თეფშია საჭირო,რომლის მონტაჟსაც დიდი ცოდნა არ სჭირდება. მაღალ სიჩქარესა და დაბალ შეყოვნებას კოსმოსში გაშვებული ათასობით თანამგზავრი უზრუნველყოფს, რათა ინტერნეტი მომხმარებლამდე შეუფერხებლად მივიდეს. ყველაფერთან ერთად, Starlink-ის რუკაზე ყოფნა საქართველოს SpaceX ნებისმიერი ინოვაციის თანამონაწილეს გახდის.
Starlink-ის ინფორმაციით, ინტერნეტ დანადგარი 1 780 ლარი ღირს, მსურველს მისი საქართველოში ჩამოტანა 235 ლარი დაუჯდება, თავად ინტერნეტ სერვისის საფასური კი თვეში 160 ლარი იქნება. სწორედ ამიტომაა, რომ საექსპერტო წრეებში სტარლინკის ფოკუს ჯგუფს უფრო მაღალტექნოლოგიურ ბიზნესებში ხედავენ, ვიდრე, რიგით მოქალაქეებში, რომლებსაც ინტერნეტ პროვაიდერების არჩევანი ისედაც ჰქონდათ.
ქართულ ბაზარზე Starlink-ის ოპერირებას განიხილავენ იმ ჭრილშიც, რომ ეს ყველაფერი მსხვილ IT კომპანიებს საქართველოში დასაქმებისკენ უბიძგებს, ეს მაშინ როდესაც თბილისი შუა დერეფანში საკუთარი როლის ამაღლებას ცდილობს. განიხილება, რომ სიახლე ციფრულ ბიზნესში ჯერ აუთვისებელი სივრცეების ათვისებას შეუწყობს ხელს, გაზრდის კონკურენციას, მთავარ ბიძგს კი მაღალტექნოლოგურ ბიზნესს მისცემს.
Starlink-ი SpaceX-ის გლობალური თანამგზავრული პროექტია, რომლის მიზანიც არასაიმედო, ძვირი თუ მიუწვდომელი სივრცეებისთვის მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა. "სტარლინკი" სატელიტური ინტერნეტით 30-ზე მეტ ქვეყანას ამარაგებს ატლანტიკის ორივე მხარეს. როგორც კავკასიაში, ისე შავი ზღვის აღმოსავლეთით საქართველო პირველი გახდა, სადაც SpaceX-ის საუკეთესო ინჟინრებმა უსაზღვრო ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახადა.