25 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს - რა გზავნილები აქვთ სტატუსის მოლოდინში მყოფ ქვეყნებს ბერლინის კონფერენციიდან

ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს - ეს ფრაზა ევროპაში სულ უფრო ხშირად ისმის. ომებმა და შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მოვლენები დააჩქარა.

ევროპა ხვდება, რომ მეტი წევრით უფრო ძლიერი გახდება. ბერლინის კონფერენციაზე კონტინენტის ყველა პირველი დიპლომატია შეკრებილი.

დღეს არავინ აღარ ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოება ნაადრევია. პირიქით, ყველა აღიარებს, რომ ეს არის მომენტი, როდესაც გაერთიანების კარი ფართოდ უნდა გაიღოს.

"კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ" - ეს გერმანიაა, ქვეყანა, რომელიც წლების წინ საფარანგეთთან ერთად
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ახალი წევრების მიღებას ეჭვის თვალით უყურებდა.

კონფერენციის მასპინძელმა, საკუთარი სიტყვის დასაწყისშივე განსაზღვრა ევროკავშირის მთავარი ამოცანა. გეოპოლიტიკური აუცილებლობით განსაზღვრულ პოლიტიკურ რეალობას, ანალენა ბერბოკის შეფასებით, ახალი შესაძლებლობები მოაქვს ევროკავშირის წევრებისთვის. გერმანელმა დიპლომატმა გაწევრიანების გზაზე მყოფი ქვეყნები, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ახსენა და ისიც განმარტა, რატომ არის ახლა ევროპისთვის მნიშვნელოვანი ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნების მხარდაჭერა.

მართალია რეფორმების პროცესი მოკლევადიანი არ არის, თუმცა საქართველოს მოსაცდელ ოთახში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა არ სურს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ბერლინში გერმანელმა კოლეგამ მიიწვია, განმარტა, რომ 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით ქვეყანას ხელშესახები შედეგები აქვს და ეს საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ევროპისთვის ეს პოსტულატი მისაღებია, თუმცა ამ დრომდე ჯერ კიდევ არსებობს ბევრი კითხვა. კონკრეტულად როდის შეძლებს ევროკავშირი ახალი წევრების მიღებას? განსაზღვრავენ თუ არა ქვეყნები გაფართოებისთვის კონკრეტულ თარიღს და რამდენად მზად იქნება თავად ევროკავშირი ცვლილებებისთვის? ევროკავშირმა უნდა იპოვოს ბალანსი რეფორმების პროცესსა და გაფართოვების პოლიტიკას შორის. ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ახალი კანდიდატების მიღება გაძლიერების წინაპირობაა.

საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება 27 ქვეყანამ უნდა მიიღოს. იქამდე ვიდრე წლის ბოლოს, საბოლოო პასუხი შეჯერდება, 8 ნოემბერს, ევროკომისია რეკომენდაციების შესრულების შესახებ დასკვნას გაასაჯაროვებს.

დღის ამბები