არასრულწლოვანის იძულებითი ქორწინების კიდევ ერთი ფაქტი და კიდევ ერთი დაკავებული მშობელი - 14 წლის გოგონას ისტორია, ქვემო ქართლში, სოფელში, სადაც ის ცხოვრობდა, თითქმის ყველამ იცის. როგორც ჰყვებიან, არასრულწლოვანს დედა გათხოვებას აიძულებდა, სასიძოც უკვე შერჩეული ჰყავდა. ცნობილია, რომ მშობლის მხრიდან ზეწოლას მოზარდმა ვეღარ გაუძლო და ოჯახიდან გაიქცა. მშობელს სამართალდამცველებმა ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს და ქორწინების იძულების ბრალდებით დააკავეს.
სახლიდან გაქცეული 14 წლის გოგონა, "კურიერის" ინფორმაციით, ბებია-ბაბუასთან სოფელში ჩავიდა. ადგილობრივების თქმით, არასრულწლოვანი ბოლო დღეების განმავლობაში მამის მშობლებთან ცხოვრობდა.
14 წლის გოგონასთან შესაბამისი სამსახურის სპეციალისტები უკვე მუშაობენ. არასრუწლოვნის დედა კი, ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სასამართლომ გადაწყვეტილება აღკვეთ ღონისძიებაზე დღეს მიიღო. ბრალდებული, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შვილს გათხოვებას აიძულებდა, დუმილის უფლებას იყენებს, ქალს პროცესზეც არაფერი უთქვამს. იმის გამო, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება, სხდომა დაიხურა და ჟურნალისტები დარბაზში მხოლოდ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს შეუშვეს.
ცნობილია, რომ დაცვის მხარე დაკავებულის დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატი საქმის დეტალებზე საჯაროდ არ საუბრობს, თუმცა ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.
14 წლის გოგოს საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს შორისაა არასრულწლოვნის ჩვენებაც. გოგონა ადასტურებს, რომ დედა ქორწინებას აიძულებდა. ბრალდების მხარის თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ახალგაზრდა ქალი შვილის აზრს არ ითვალისწინებდა და ოჯახის მიერ შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებას სთხოვდა, ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
14 წლის გოგოს ქორწინების იძულების საქმეზე დაკავებულ დედას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2-4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. პროკურატურა დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების პროცესშია. არ არის გამორიცხული საქმეზე სხვა პირების დანაშაულიც გამოიკვეთოს.