25 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
"ავერსის" კლინიკიდან გაქცეული პატიმრები გლდანის ციხეში დააბრუნეს - სამი მათგანიდან ერთის ვინაობა "კურიერმა" გაარკვია

"ავერსის" კლინიკიდან გაპარული პატიმრები გლდანის ციხეში 24 საათში დააბრუნეს. დაკავებულია პენიტენციური სამსახურის ერთი თანამშრომელიც.

ივერი ნატრიაშვილი საბადრაგო სამსახურის წარმომადგენელია. ის სამართალდამცველებმა გაქცეული პატიმრების საქმეზე დააკავეს. კონკრეტულად რას ედავება გამოძიება 37 წლის მამაკაცს, ჯერჯერობით უცნობია.

იუსტიციის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა 3 პატიმრის გაქცევის, ძებნის და დაკავების დეტალებზე. კოორდინირებული მუშაობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს გადაუხადა.

გაქცეულ პატიმართა ვინაობას იუსტიციის სამინისტრო არ ამხელს, თუმცა, ერთ-ერთის ვინაობა დღეს "კურიერმა" დაადგინა. ის ნიკა თოიძეა. 2 წლის წინ თბილისში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი. 21 წლის მამაკაცს გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლს ედავებოდა, რაშიც საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

გლდანის პენიტენციური დაწესებულების სამი მსჯავრდებული "ავერსის" კლინიკის მიმდებარე ტერიტორიიდან გუშინ გაიქცა. ისინი ციხიდან საავადმყოფოში მაგნიტო-რეზონანსული კვლევის ჩასატარებლად გადმოიყვანეს. თუმცა, პატიმრები ბადრაგს სამკურნალო დაწესებულებაში შესვლამდე გაექცნენ.

გამოძიებას იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის, მე-2 ნაწილის, "ა" ქვეპუნქტით აწარმოებს. რაც დაკავების ადგილიდან მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არ არის გამორიცხული მოხდეს, როგორც მუხლის გადაკვალიფიცირება, ისე ბრალდებულთა წრის გაფართოება.

დღის ამბები