კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერლინში, ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ანალენა ბერბოკის თქმით, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გრძელვადიან პერსპექტივაში თუ დესტაბილიზირებული იქნებიან რუსეთის მიერ, ეს ნიშნავს, რომ ევროპა გახდება მოწყვლადი გარე თავდასხმის წინაშე.
დიპლომატის პოზიციით, ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებას მნიშვნელოვან განაცხადს უწოდებს ქართული დელეგაცია, რომელიც ბერლინში მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობს.
"ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა, რომელსაც ამავდროულად მოაქვს გეოპოლიტიკური შესაძლებლობები ევროკავშირის წევრებისთვის. მოსკოვი და პრეზიდენტ პუტინი ეცდება, გააგრძელოს იმპერიალური მიზნები ევროპაში, რაც არა მხოლოდ ჩვენგან უკრაინის იზოლაციას ნიშნავს, არამედ მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების იზოლაციასაც.
ეს ქვეყნები თუ გრძელვადიან პერსპექტივაში დესტაბილიზირებული იქნებიან რუსეთის მიერ, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა მოწყვლადები გავხდებით გარე თავდასხმის წინაშე. ჩვენ აღარ შეგვიძლია, დავუშვათ რუხი ზონები ევროპაში. თუმცა ჩვენ თუ ამ ქვეყნებს დავეხმარებით, როცა ისინი ჯერ კიდევ გაწევრიანების გზაზე არიან, გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები, გახდნენ ეკონომიკურად მყარები, მაშინ ჩვენ არა მხოლოდ დაცულ გეოპოლიტიკურ ფლანგს მივიღებთ, არამედ ამით ჩვენს საზოგადოებასაც გავაძლიერებთ.
ჩვენ ვარწმუნებთ უკრაინას, რომ გზის დასასრულს თქვენ გახდებით ევროკავშირის წევრი, მაგრამ ასევე თქვენ გვერდით ვართ, რომ წარმატებას მიაღწიოთ ამ გზაზე ფინანსური თუ პოლიტიკური კუთხით. იგივე ეხება მოლდოვას, 24 თებერვლამდე გაზის უმეტესი ნაწილის ექსპორტს რუსეთიდან ახორციელებდა, ახლა კი რეკორდული სისწრაფით მოახერხა რუსეთის დამოკიდებულებისგან გათავისუფლება. ეს თანაბრად სიმართლეა საქართველოს შემთხვევაშიც, სადაც ამდენი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის სწორი გზა, სადაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა გარკვევით გამოხატა სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ. ჩვენ არ დავტოვებთ ამ ხალხს მარტო. გაწევრიანების პროცესი არაა ავტომატური პროცესი.
გეოპოლიტიკური მიზეზები უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას სასარგებლოდ საუბრობენ რომლებიც თანაბარ დონეზე არიან დასავლეთ ბალკანეთთან. ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, თუ როგორ შეგვიძლია გაწევრიანების პროცესის ორგანიზება ისე, რომ თაობებმა ცხოვრება ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში არ გაატარონ", - განაცხადა ანალენა ბერბოკიმ.