25 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
სტატუსი ეძლევა ქვეყანას, სახელმწიფოს, ხალხს და სახელმწიფოს წარმოადგენს ხელისუფლება - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირი წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საბოტაჟში ყველა იყო ჩართული, მათ შორის ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც მისივე თქმით, ახლა "სხვისკენ იშვერენ თითს."

"ღამის კურიერის" ეთერში შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრისას ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის სიტყვები გაიხსენა, რომელიც მისივე შეფასებით, სწორედ კანდიდატის სტატუსის საბოტაჟს ემსახურებოდა.

"ჩვენ როდესაც შეხვედრა გვქონდა ბატონ ბორელთან და იცით, რომ ყველა ფრაქცია იყო იქ წარმოდგენილი, ვიყავი მათ შორის მეც და უმრავლესობიდან კიდევ რამდენიმე ადამიანი, ქალბატონმა ხათუნამ მოითხოვა სიტყვა და მისი სიტყვა იყო შემდეგი: საქართველოს არ გაუმართლა, რომ ასეთ მომენტში ჰყავს ასეთი ცუდი ხელისუფლება, -ამ დროს, გვერდზე ვსხედვართ ჩვენ ყველა, - ასეთ ცუდ გარემოში ვართ, მაგრამ გთხოვთ, მოგვეცით კანდიდატის სტატუსი.

ვინც იმას ფიქრობს, რომ ეს კრიტიკა იყო მიმართული მხოლოდ ხელისუფლებისადმი, მას ჰგონია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ მისი მთა-გორის და მინდორ-ველების გამო?! ჩვენი ხაჭაპურის და ხინკლის გამო?! ასე ხომ არ არის, არა?! სტატუსი ეძლევა ქვეყანას, სახელმწიფოს, სახელმწიფო არის მისი ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს. რა თქმა უნდა, ფასდება ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები და თუ სახელმწიფო ინსტიტუტები არ ვარგა და ასეთი უბედურებაა, როგორც მან თქვა, რომ ქართველ ხალხს არ გაუმართლა (თან ქართველი ხალხის სახელით საუბრობს), რომ ასეთი ცუდი ხელისუფლება გვყავს, არ ვიცი, მეორე მხარეს რომ ადამიანია, იმან როგორ უნდა თქვას, რომ ამის შემდეგ დადებითი შეფასება შეიძლება მისცეს ქვეყანას?! ამიტომ ყველა, აბსოლუტურად ყველა, პასიურად თუ აქტიურად იყო ამაში ჩართული,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები