25 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
დღეს რომ ყველა ყელყელაობს და ერთმანეთისკენ თითს იშვერენ, ბოიკოტი იყო მათი მხრიდან, ასევე რამდენიმე "ენჯეოს" მხრიდან,  ამ პროცესში მოგვიწია მუშაობა რეკომენდაციებზე და 80-ზე მეტი კანონი მივიღეთ - შალვა პაპუაშვილი

"რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწყო აქცია პარლამენტის წინ და დაემუქრა პარლამენტს, რომ თუ ჩვენ არ გადავაყენებდით მთავრობას და რამდენიმე "ენჯეოს" არ მივცემდით ვეტოს უფლებას ახალი მთავრობის დაკომპლექტებაში, ისინი წალეკავდნენ ყველაფერს,"- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, " ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციასთან ერთად დაკავებულები იყვნენ ხელისუფლების საბოტაჟით, აძლიერებდნენ პოლარიზაციას პოლიტიკურ სპექტრში და არ იღებდნენ არანაირ მონაწილეობას 12 რეკომენდაციის შესრულებაში.

"რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწყო აქცია პარლამენტის წინ და დაემუქრა პარლამენტს, რომ თუ ჩვენ არ გადავაყენებდით მთავრობას და რამდენიმე "ენჯეოს" არ მივცემდით ვეტოს უფლებას ახალი მთავრობის დაკომპლექტებაში, ისინი წალეკავდნენ ყველაფერს. ამით დაგვემუქრა ჩვენ რამდენიმე "ენჯეო", რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება და რომელიც, წესით, რომ ჰკითხო, 12 რეკომენდაციის შესრულების და დეპოლარიზაციის მომხრეა. სინამდვილეში, პოლარიზაცია დაიწყეს პირველივე საღამოს.

ერთია კრიტიკა, მეორეა საბოტაჟი. კრიტიკასა და საბოტაჟს შორის ზღვარი გადის იქ, როდესაც არის საგნობრივი საუბარი, როდესაც რაღაცას მოიწონებენ, რაღაცას დაიწუნებენ და რაღაც წინადადება ექნებათ. როცა არის საუბარი, რომ წავიდეს ხელისუფლება და მე უნდა ვიყო ხელისუფლება... ეს თქვა მაშინ რამდენიმე "ენჯეომ. ორგანიზაციებმა, რომელთაც არანაირი სახალხო ლეგიტიმაცია არ აქვთ, თქვეს, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ არაფორმალური მმართველები და მთავრობის ნაწილი უნდა ყოფილიყვნენ.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებს - იყო ბოიკოტი ყველას მხრიდან, ოპოზიციას ვგულისხმობ. დღეს რომ ყველა ყელყელაობს და ერთმანეთისკენ თითის გაშვერაზე არიან გადასულები, ბოიკოტი იყო მათი მხრიდან, ასევე რამდენიმე "ენჯეოს მხრიდან". ამ პროცესში მოგვიწია მუშაობა ჩვენ რეკომენდაციებზე და 80-ზე მეტი კანონი მივიღეთ თითქმის მარტომ, რამდენიმე პარტია მონაწილეობდა ამ 12 რეკომენდაციების შესასრულებლად.

ჩვენ ვნახეთ ივნისში ევროკომისიამ თქვა, რომ 12-დან 3 გვქონდა შესრულებული. რა ვნახეთ - რამდენიმე დღეში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ თქვა, რომ 3 კი არა, 1 რეკომენდაცია გვაქვს თურმე შესრულებული. ესეც კი დაენანათ საკუთარი ქვეყნისთვის. თუ არ წაუმატებ რაღაცას, რაღატომ აკლებ. ის, ვინც უნდა შეგვაფასოს ჩვენ - ევროკომისია ამბობს 3-ს, და ის, ვინც წესით უნდა იყოს ამ ქვეყნის პატრიოტი, აკლებს ქულებს. ამაზე მეტი ფეხის დადება რაღა უნდა იყოს საკუთარი ქვეყნისთვის. ,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები