25 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
უმაღლესი განათლების მიღების საშუალება, დასაქმების პროგრამები, სპორტული და კულტურული აქტივობები - პენიტენციურ დაწესებულებებში რეფორმების წარმატებით განხორციელება, დასავლელმა პარტნიორებმაც აღნიშნეს

საერთაშორისო კონფერენცია პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილმა მსჯავრდადებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები, პარტნიორი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. მთავრობის მეთაურის შეფასებით, პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლებში მიაღწია, დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგია.

საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა, პროფესიული განვითარებისთვის საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა, სპორტული ტურნირები, თეატრალური წარმოდგენები, პატიმრების დასაქმების პროგრამები - ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც პენიტენციური სისტემა მსჯავრდადებულების რესოციალიზაციისთვის ახორციელებს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, უწყება თითოეულ ადამიანზე მორგებულ პოლიტიკას ახორციელებს.

კონფერენციის ორგანიზატორების განმარტებით, პლატფორმა უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოსთვის, პარტნიორებს გააცნოს სისტემური სიახლეები და პარალელურად გაიზიაროს ევროპული ქვეყნების გამოცდილება. კონფერენციის მონაწილე უცხოელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებმა, საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმირებაში მხარდაჭერა აღუთქვეს.

საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებიც თავად არიან ჩართული ქართული მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებაში, დადებითად აფასებენ იმ სარეაბილიტაციო პროგრამებს, რომელთა შედეგად ყოფილი მსჯავრდადებულების საზოგადოებაში რესოციალიზაცია წარმატებით ხორციელდება.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამები, სწორედ ის მექანიზმია, რაც მსჯავრდადებულებს ყოფით ცხოვრებაში ეფექტურად დაბრუნებას უზრუნველყოფს. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში განხორციელებული რეფორმები ევროინტეგრაციის პროცესს შეუქცევადს ხდის.

დღევანდელ ფორუმზე დაანონსდა, რომ 3 ივნისს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ახალი ფილიალის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართება.

დღის ამბები