25 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
კრიპტოვალუტის გადამცვლელი ოფისის დაყაჩაღება ექსპერტ-კრიმინალისტების ფორმის გამოყენებით - რა კავშირი აქვთ ყაჩაღობასთან ძმებ ფეიქრიშვილებს

ვაკეში კრიპტოვალუტის გადამცვლელი ოფისის თანამშრომლებს, ყაჩაღური თავდასხმის დეტალებზე საუბარი არ სურთ. ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს, მათ შორისაა ოფისის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც ადგილზე დაცვის პოლიციის გამოძახება მოასწრო. "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ადგილზე მისულ დაცვის თანამშრომლებს, ოფისის კარი თავად თავდამსხმელებმა გაუღეს. დაჯგუფების წევრები დაცვას ექსპერტ-კრიმინალისტებად გაეცნენ და უთხრეს, რომ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდნენ.

ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. "კურიერმა" გაარკვია დანაშაულის მთავარი ფიგურანტის ვინაობაც. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს ძმებ ფეიქრიშვილებიდან ერთ-ერთის, დავით ფეიქრიშვილის სახელი. მან დანაშაულის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. "კურიერის" ინფორმაციით, ფეიქრიშვილს სამართალდამცველები ამ წუთებშიც ეძებენ. დაჯგუფების ორ წევრს კი პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

"კურიერი" დღეს ფეიქრიშვილების ადვოკატსაც ესაუბრა. გიორგი ანთაძე ამბობს, რომ დავით ფეიქრიშვილს მომხდარ დანაშაულთან კავშირი არ აქვს. ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, თუ სად იმყოფებიან ამჟამად მისი დაცვის ქვეშ მყოფები.

ტყუპი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების სახელი არაერთ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს. გიორგი ფეიქრიშვილი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით 2016 წელს დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა ვაკეში ფეიქრიშვილებთან დაპირისპირებული კრიმინალური “ავტორიტეტის“ სოსო ჯოხაძის მკვლელობა, თუმცა ამ საქმეზე ძმებისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. ჯოხაძის მკვლელობისთვის სასჯელს ამ დრომდე იხდის ბადრი, იგივე ბადუკა ნათობაძე.

2020 წელს საქართველოში ძმები ფეიქრიშვილების აფეთქებაც სცადეს. დანაშაული უსაფრთხოების სამსახურმა მისი მომზადების სტადიაზე აღკვეთა და შეკვეთილი მკვლელობის ბრალდებით შვიდი პირი დააპატიმრა. დანაშაულის მოტივად, საქართველოსა და უკრაინაში ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის არსებული კონფლიქტი დასახელდა.

დღის ამბები