დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება პროექტი - 1000 ბინა გადაეცემათ პოლიციელებს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილ "პოლიციის ქალაქის" მშენებლობასთან დაკავშირებით, კაფსულის ჩადების ცერემონიის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საცხოვრებელი კომპლექსი "პოლიციის ქალაქი" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შენდება.
ვახტანგ გომელაურმა საქართველოს მთავრობას და მის მეთაურს აღნიშნულისთვის მადლობა გადაუხადა.
"დიდი მადლობა ბატონ პრემიერს. მისი ინიციატივა იყო ეს პროექტი , რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობა ვუთხარით და გაგვიხარდა ძალიან. როგორც უკვე გააჟღერა ბატონმა პრემიერმა, 1000 ბინა გადაეცემათ ჩვენს პოლიციელებს. დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის და რაც მთავარია, თქვენც მოისმინეთ რომ ეს არ არის ერთჯერადი, კიდევ გაგრძელდება და მომავალში სახვა პროექტიდან გადაეცემათ ჩვენს პოლიციელებს ბინები. დიდი მადლობა მთავრობას, პრემიერს მხარდაჭერისთვის", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.
ერთ-ერთი შენობის საძირკველში, სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და პროექტის მშენებელი კომპანია "ანაგის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ჩადეს.
პროექტი „პოლიციის ქალაქი" საბურთალოს რაიონში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ხორციელდება.