26 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული დეპუტატები - რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

"ნაციონალური მოძრაობიდან" წასული დეპუტატები - რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. ჯგუფს რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს.

"ჩვენი ჯგუფი, არ არის გამორიცხული, რომ შემდგომში გაფართოვდეს და სხვებიც შემოგვიერთდნენ, მაგრამ დღევანდელი ჩვენი პირველი განაცხადის მთელი შინაარსი არის იმაში, რომ საქართველოს პარლამენტი უნდა მუშაობდეს უკეთესად. პარლამენტი ასრულებს თავისი მოვალეობის 10%-ს და ამასაც კი არა. ოპოზიცია მინიმუმზე მინიმუმ არის ამ პარლამენტში წარმოდგენილი, როდესაც შესაძლებელი იყო, რომ გაცილებით ძლიერი პოზიციები ჰქონოდა აქ. ვიწყებთ ახლა სხვა ამპლუაში, ოღონდ ისევ ერთად," - აცხადებს რომან გოცირიძე.

სახელი ჯერ ცნობილი არ არის. ამის შესაძლებლობა მათ პარლამენტის რეგლამენტში შეტანილმა ცვლილებამ მისცა, რომლის მიხედვით, თუკი ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატები, პარტიას დატოვებენ, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახალი რეგლამენტის შესაბამისად, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ პოლიტიკური ჯგუფი გავაკეთოთ, მე და ბატონი რომან გოცირიძე გავაკეთებთ პოლიტიკურ ჯგუფს. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი და სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო რესურსს. თქვენ ჩემი და ბატონი რომანის პოზიცია ძალიან დიდი ხანია იცით. ეს იქნება მათ შორის აპარატში მუშაობა, საკანონმდებლო მუშაობა, დელეგაციებში ჩვენი მონაწილეობა," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცვლილების გათვალისწინებით, პოლიტიკური ჯგუფს, ასევე, "ხალხის ძალისა" და პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლები შექმნიან.

დღის ამბები