26 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
ვისურვებდი, რამდენიმე წელიწადში ჩვენი ევროპული ოჯახი კიდევ უფრო გაფართოვდეს და იმ ქვეყნებს, ვინც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის ამის საშუალება მიეცეთ - ქრისტიან პეტრი

ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გაფართოებული შეხვედრა პარლამენტში, რომელსაც ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

დელეგაციის წარმომადგენლების განცხადებით, განიხილეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები 12 პუნქტის შესრულების საკითხში, როგორიც არის მაგალითად დეპოლარიზაცია და მართლმსაჯულება.

მათივე თქმით, მნიშვნელოვანია დაეხმარონ ქვეყნებს, რომლებიც ევროსტრუქტურებში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან. დღის პირველ ნახევარში შედგა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. გერმანელ პოლიტიკოსებს საქართველოს იუსტიციის და ეკონომიკის მინისტრებიც მიიღებენ.

"ჩვენ შევხვდით ქართველ კოლეგებს ევროინტეგრაციის კომიტეტიდან. გვაინტერესებდა და მოვისმინეთ მათი შეფასებები, იმ 12 პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომელიც ევროპის კავშირმა საქართველოსთვის გაწერა. განვიხილეთ ის კრიტიკული საკითხები, რაც დეპოლარიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას და ზოგადად, საზოგადოებრივ ცხოვრებას ეხება. ამ შთაბეჭდილებებით დავბრუნდებით გერმანიაში, გავმართავთ დებატებს ევროპის საკითხთა კომიტეტში და მხოლოდ ამის შემდეგ მივცემთ გერმანიის მთავრობას რჩევებს ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ფაზაში. ვისურვებდი, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენი ევროპული ოჯახი კიდევ უფრო გაფართოვდეს და იმ ქვეყნებს, ვინც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის ამის საშუალება მიეცეთ. მიხარია, რომ თქვენთან მოსახლეობის უმრავლესობა ევროპულად აზროვნებს და ევროპისკენ მიისწრაფვის," - აცხადებს გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დელეგაციის ხელმძღვანელი ქრისტიან პეტრი.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ის განწყობა და მხარდაჭერის სურვილი, რაც გერმანიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით არსებობს.

"მნიშვნელოვანია ის განწყობა და მხარდაჭერის სურვილი, რაც არსებობს გერმანიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია მათთვის, რომ მათ მოისმინონ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან რამდენად გვსურს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ევროკავშირში გაწევრიანება, რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს და არის თუ არა ის 80%-იანი მხარდაჭერა შესაბამისად ასახული ქართულ პოლიტიკურ სპექტრში," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები