26 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
წინა ხელისუფლების დროს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფები კომპენსაციას მიიღებენ - რა გახდა ცრუ ბრალდების მიზეზი

ე.წ. ფოტოგრაფების საქმე დასრულებულია, მედიის ოთხი წარმომადგენლისთვის კი საქალაქო სასამართლომ პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. თანხა, რომლის ოდენობა არ სახელდება, საგამოძიებო უწყებამ ზურაბ ქურციკიძეს, გიორგი აბდალაძეს, ირაკლი გედენიძესა და ნათელა გედენიძეს უნდა გადაუხადოს. ფოტოგრაფები სააკაშვილის ხელისუფლებამ 2011 წლის ივლისში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. არცერთი რეპორტიორი თავს დამნაშავედ არ ცნობდა, თუმცა მოგვიანებით, გლდანის ციხეში მათ აღიარებით ჩვენებები იძულებით მიაცემინეს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მალევე გაათავისუფლეს.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმის გამოძიება ისევ დაიწყო და დაადგინა, რომ რეპორტიორების დაკავების რეალური მიზეზი არა ჯაშუშობა, არამედ 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის დროს გადაღებული ფოტოები გახდა.

სასტიკად ნაცემი მოქალაქეების ფოტოები მაშინ ყველა საერთაშორისო მედიაში გავრცელდა, რამაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია. 2017 წელს თბილისი საქალაქო სასამართლომ ფოტოგრაფების საქმეზე დამნაშავედ კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი და გლდანის ციხის დირექტორი ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

 
დღის ამბები