26 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
უნგრელი კოლეგის გარემოცვაში ირაკლი ღარიბაშვილი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე სხვა ევროპელ ლიდერებთან, რომლებიც ძირითადად კრიტიკას არ ერიდებიან - ხათუნა სამნიძე

უნგრეთში დაგეგმილ კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კონსერვატიული შეკრება, რომელიც უნგრეთში უნდა გაიმართოს, ქვეყნისთვის პრიორიტეტული არ არის.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტები და განცხადებები მთლიანად უნდა იყოს მიმართული პარტნიორ ევროპულ ქვეყნებზე, რომელთა მხარდაჭერა საქართველოსთვის არის სასიცოცხლო, რათა მან ევროპული სტატუსი მიიღოს.

"მე ვფიქრობ, რომ ბატონი ღარიბაშვილის ყურადღება, ვიზიტები, განცხადებები უნდა იყოს მაქსიმალურად მიმართული ჩვენ პარტნიორ ევროპულ ქვეყნებზე, რომელთა თანხმობა და მხარდაჭერა ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ევროპული სტატუსის მიღებისთვის.

მისი უნგრელი კოლეგის გარემოცვაში ის უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე სხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ევროპელ ლიდერებთან, რომლებიც ძირითადად, კრიტიკას არ ერიდებიან, როდესაც საუბარია ქვეყნის ევროპულ და დასავლურ კურსზე," - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავს. 

"ეს უნდა დავინახოთ როგორც შიდა პიარის ამბავი და ყველა მოქალაქეს უნდა ვუთხრათ, რომ ეს ხალხი უნგრეთში წავა თუ ბულგარეთში, რეალურად იმას კი არ ცდილობს, რომ ამ ისტორიულ მომენტში ჩვენ ნატოს წევრები გავხდეთ და უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ვიყოთ ამერიკასთან პარტნიორობით, ვისარგებლოთ ამ მომენტით, რომ ქვეყნის მომავალი გადავარჩინოთ, არამედ, მხოლოდ ივანიშვილის და მათი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავს ჩვენი მომავლის ღალატის ხარჯზე," - ამბობს გიგა ბოკერია.

პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბექა ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ ვიზიტები მნიშვნელოვანია, თუმცა მისი თქმით, დღეის მოცემულობით ჯობია, 12 რეკომენდაციის შედეგებზე იფიქროს ხელისუფლებამ და პარტნიორებთან დიალოგი გააძლიეროს.  

ირაკლი ღარიბაშვილი, 4-5 მაისს უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებლებს შორისაა. წელს კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება ოჯახის, სარწმუნოების და ტრადიციული ღირებულებების მნიშვნელობაზე. კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია, რომელსაც 49 წლიანი ისტორია აქვს შტატებში დაარსდა, მას წელს ბუდაპეშტი მასპინძლობს.

ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ყრილობაში მონაწილეობენ სხვადახვა ქვეყნის ლიდერები, ამერიკელი კონგრესმენები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსები- აქამდე კი მომხსენებლებს შორის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ჯორჯ ბუშიც იყვნენ.  

დღის ამბები