ომის გამო უკრაინა კულტურულ ღონისძიებებს ვეღარ მასპინძლობს - სწორედ ამიტომ, ფესტივალი, Bouquet Kyiv Stage წელს პირველად საქართველოში ჩატარდება.
საკუთარ ქვეყანაში ნანახი ომის სისასტიკე - ამ ემოციას ახლა მუსიკით გადმოსცემენ. "უკრაინა + საქართველო - ერთმანეთის გვერდით" – ასე ჰქვია ფესტივალის გამხსნელ კონცერტს. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის კამერული ორკესტრი უკრაინელ მუსიკოსებთან ერთად დაუკრავს.
სამდღიანი ფესტივალი ახლა სტუმრებთან შესახვედრად ემზადება. მუსიკალური ნომრების გარდა, დაგეგმილია ომის თემაზე კინოჩვენებები და გამოფენები. Bouquet Kyiv Stage-ის თითოეული დღე უკრაინელებისა და ქართველი არტისტების კოლაბორაციით შედგება.
ფესტივალი თბილისის მასშტაბით 6 ლოკაციაზე 28-30 აპრილს ჩატარდება. ღონისძიებებიდან შემოსული თანხა, უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს გადაეცემათ.