26 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
შეგიძლიათ გქონდეთ NATO-ს მუდმივი, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი - რა განცხადებები გააკეთა იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები დაასრულა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. შარლ მიშელთან შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მიღწეული პროგრესის შესაბამისად, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადების გაკეთება დაგეგმილი არ ყოფილა.

განცხადებები ნატოს გენერალურ მდივანთან სტუმრობის დროს გაკეთდა. იენს სტოლტენბერგმა და ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკაზე და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგზე ისაუბრეს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა დააფიქსირა ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედუნარიანი პარტნიორი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საერთო-ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში.

"საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მოკავშირეები საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრულად უჭერენ მხარს. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება გააუქმოს. დღეს ჩვენ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით. მე მივესალმები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ნატოს მუდმივი, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი.

თავის მხრივ, იმედი მაქვს, რომ საქართველო შიდა რეფორმების გატარებისთვის გააორმაგებს ძალისხმევას და დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ მივესალმე გადაწყვეტილებას "უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტის გაწვევის თაობაზე, რომელიც შეუთავსებელი იყო ევროატლანტიკურ ღირებულებთან და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვასთან. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული, აყვავებული, ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირებული ქვეყანა. ნატო კვლავაც იქნება თქვენი პარტნიორი, ვიდრე თქვენ მუშაობთ ამ მისწრაფებების აღსრულებისთვის," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

დღის ამბები