26 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
პარტია "საქართველოსთვის" ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს პარტია "საქართველოსთვის". ინიციატორების განცხადებით, ამ კომისიის მთავარი ამოცანა იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გამოძიების დახმარება.

პარტია იმ პირების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს, რომლებსაც შეხება ჰქონდათ საქმესთან

"პარტია "საქართველოსთვის" გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც  შეისწავლის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს. ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეს, გამოავლენს მის ორგანიზატორებს, მფარველებს, ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს და ამით გამოწვეულ პოლიტიკურ შედეგებს. მოვუწოდებთ როგორც "ოცნებას", ისე "ნაციონალურ მოძრაობას", ასევე სხვა პარტიების  წარმომადგენლებს და სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას. ასევე, უახლეოს დღეებში ჩვენ წარვადგენთ საკონსტიტუციო სარჩელს, რომ ხელისუფლებამ  ვერ შეძლოს პარლამენტის წევრებს შეუქმნას  კონსტიტუციური უფლების რეალიზებისთვის უკანონო ბარიერები, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში არსებული ჩანაწერის ბოროტად გამოყენებით,"-აცხადებსპარტიის ”საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.

ინიციატივას მხარს უჭერს "ნაციონალური მოძრაობა" და სტრატეგია აღმაშენებელი. "ქართული ოცნება" საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ეთანხმება და თვლის, რომ ოპოზიცია თვითაქტუალიზაციის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. "ოცნებაში ამბობენ", რომ საერთაშორისო გამოძიების პარალელურად, საგამოძიებო კომისიის შექმნა აზრს მოკლებულია.

დღის ამბები