26 ნოემბერი 2024,   17:17
ვრცლად
ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა-ჯოზეფ ბორელი

ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა იწყება. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი დაესწრება.

განხილვის თემა იქნება ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა. აქცენტი გაკეთდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით საქართველოს პროგრესზე. ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.

პარალელურად, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში აცხადებს, რომ მათთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

"ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოზე, შეხვედრაზე განვიხილავთ მის პერსპექტივებს. ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

უნდა გვახსოვდეს, რომ მას სპეციფიკური საკითხები უდგას უსაფრთხოების მიმართულებით, რადგან მისი ტერიტორია რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულია . ასე რომ, მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს საკითხის განსახილველად,"-აცხადებს ჟოზეფ ბორელი

ამასთან, საქართველოზე დადებით კონტექსტში საუბრობს ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი. როგორც გორდან რადმანი აცხადებს, მხარს უჭერს  საქართველოს კურსს ევროკავშირისკენ.

"მოხარული ვარ, რომ აზრებს გავცვლით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. მხარს ვუჭერ საქართველოს კურსს ევროკავშირისკენ. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებასა და სიმტკიცეს,"-განაცხადა გორდან რადმანმა

ევროპელი კოლეგების აზრს იზიარებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. იან ლიპავსკი ამბობს, რომ სურს, საქართველო იდგეს ევროპულ გზაზე. 

"საქართველოს ბევრი სამუშაო აქვს შესასრულებელი, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ ამ საკითხების განხილვას. ვისურვებ, რომ საქართველო იდგეს ევროპულ გზაზე და ამ პროცესში მონაწილეობა მთელმა საზოგადოებამ მიიღოს. ეს იქნება მთავარი გზავნილი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან,"-აცხადებს იან ლიპავსკი.

დღის ამბები